04:36 - 28 Oct, 2020
2020-10-16 17:44:13, 253 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს აქვს ისტორიული მომენტი, გადადგას კიდევ ერთი ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისკენ

„გპირდებით, რომ მაქსიმალურად გავუხსნით გზას ახალგაზრდებს, როგორც ბიზნესში, ისე სახელმწიფო სამსახურში, საკუთარი კარიერის და სამუშაო გამოცდილების შესაქმნელად. ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩოხატაურში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მოსახლეობას ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა.

არჩილ თალაკვაძემ 2012 წლის შემდეგ, ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმა, რომლითაც სახელმწიფომ მოქალაქეებთან დაკარგული ნდობა აღიდგინა და გაიუმჯობესა.

„მოქალაქეები  აღარ ენდობოდნენ თავის სახელმწიფოს,  საჩივრებით მიმართავდნენ ევროსასამართლოს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს, როდესაც წლის განმავლობაში 5 ათასზე მეტი მოქალაქე საკუთარ სახელმწიფოს უჩივის ევროსასამართლოში - ეს იყო მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ ჩავიბარეთ. დღეს ეს რიცხვი რვაჯერ არის შემცირებული და ამ საქმეებში, ასევე, ჯერ კიდევ რჩება მნიშვნელოვანი წვლილი იმ საქმეების და იმ დარღვევების, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო მომხდარი და დღემდე ევროსასამართლო განაგრძობს ამ საქმეების განხილვას. ამას მხოლოდ იმიტომ გიყვებით, რომ მოკლე ნიშნული დავსვათ, თუ რა ჩავიბარეთ, საიდან დავიწყეთ, რა გავაკეთეთ ჩვენ და რის გაკეთებას ვაპირებთ მომავალში. გახსოვთ, რომ როდესაც თქვენ მხარი დაუჭირეთ ხელისუფლების ცვლილებას და „ქართულ ოცნებას" ჩააბარეთ მთავარი პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე, ჩვენი პირველი და მთავარი ამოცანა იყო, რომ ქვეყანაში ადამიანებს დაბრუნებოდათ საკუთარი სამოქალაქო უფლებები, ხელისუფლება, სახელმწიფო ინსტიტუტები და თვითონ სახელმწიფო დაბრუნებოდათ ადამიანებს, ჩამდგარიყო ისევ ადამიანების სამსახურში და ჩვენ ეს შევძელით ერთად, ჩვენ შევძელით იმ წლებში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, ადამიანებს დაუბრუნდათ განცდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ღირსება, საკუთრება არის დაცული",- შეახსენა არჩილ თალაკვაძემ დამსწრეებს.

მისივე თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების" პრიორიტეტი, ადამიანის თავისუფლებისა და  უფლებების დაცვასთან ერთად, გახდა ეკონომიკური განვითარება. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ის, რომ პრიორიტეტი ქვეყნის განვითარებაა, უკვე ჩანს ინფრასტრუქტურული მიმართულებით განხორციელებული უდიდესი სამუშაოთი. არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა დაწყებულ პროექტს, მათ შორის, გაზიფიკაციას, წყლის სისტემების აღდგენას, სოციალურ-ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ პროექტებს მმართველი გუნდი ბოლომდე მიიყვანს.

არჩილ თალაკვაძემ ყურადღება  2020 წლის საპარლამენტო არჩევნების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ აირჩევთ ახალ პარლამენტს, არამედ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველოს დღეს აქვს ისტორიული მომენტი, გადადგას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისკენ, გადადგას ნაბიჯი ევროპული ოჯახისკენ, გადადგას ნაბიჯი ევროატლანტიკურ ურთიერთობებში და თავის მოქალაქეებთან ერთად, თავის მეგობრებსაც დაანახოს, რომ ჩვენი დემოკრატია ძლიერდება და ეს დემოკრატია არ არის ცალკე აღებული ცნება - ეს არის მეტი უსაფრთხოება, მეტი უსაფრთხოება არის მეტი ეკონომიკა, მეტი სანდოობა და მეტი ინვესტიცია",- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან დამსწრეებს შეახსენა ისიც, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველოში შემოსულ ტურისტთა და ვიზიტორთა რიცხვი 3 მილიონიდან 9 მილიონამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს  9 მილიონზე მეტი მოქალაქე, ენდობა საქართველოს და მზადაა, ფინანსური რესურსი სწორედ ჩვენს ქვეყანაში დახარჯოს.

„ეს არა მხოლოდ ტურიზმია, ეს არის ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი ჩვენ დავამარცხებთ გლობალურ პანდემიას, ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ტურიზმის და მთლიანად, ეკონომიკის აღდგენას",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა კოვიდპანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მდგომ პროფესიონალებს და განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს რთული პერიოდი ქვეყანამ მინიმალური ზიანით გაიაროს. პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა ისიც, რომ თავის დროზე, ოპონენტები მმართველ გუნდს ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის, კერძო მეწარმეებისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი დანახარჯების გაღების გამო აკრიტიკებდნენ. არჩილ თალაკვაძის თქმით, კორონავირუსის პანდემიის დროს, სწორედ ზემოაღნიშნულმა რეფორმებმა მისცა შესაძლებლობა საქართველოს, ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური, უსაფრთხო და საიმედო სახელმწიფო ყოფილიყო.

„რასაკვირველია, სხვას ვის უნდა ენდოს საზოგადოება, თუ არა გუნდს, რომელმაც გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, შეძლო ვირუსის ურთულესი ეტაპის, პირველი ტალღის მოგერიება, მისი ჩაკეტვა ისე, რომ ამ ვირუსის გავრცელება მყისიერად არ მომხდარიყო. სწორედ მისი დამსახურებაა,  სამთავრობო გუნდის, ექიმების, ექთნების, ეპიდემიოლოგების და სხვა ყველა მეკავშირე სამსახურების, მიღწევა არის ის, რომ ჩვენ ეს დრო მოვიგეთ და ჩვენ მაქსიმალურად მოვემზადეთ ურთულესი პერიოდისთვის, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ევროპაში, მათ შორის, საქართველოში, როგორც ევროპის ნაწილში, ფიქსირდება",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდების მხარდაჭერა იქნება და „ქართული ოცნების" გუნდის სამომავლო გეგმებიც სწორედ ამ მიმართულებას უკავშირდება.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ახალგაზრდების განთლებისა და დასაქმების მნიშვნელოვანი ცენტრი გახდება პროფესიული კოლეჯი, რომელიც ჩოხატაურში შენდება.

„გპირდებით, რომ მაქსიმალურად გავუხსნით გზას ახალგაზრდებს, როგორც ბიზნესში, ისე სახელმწიფო სამსახურში, საკუთარი კარიერის და სამუშაო გამოცდილების შესაქმნელად. ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ვასილ ჩიგოგიძეს მხარდაჭერა დაუდასტურა და მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, გურიის განვითარებაზე ზრუნვას მეათე მოწვევის პარლამენტში თავად, ნინო წილოსანი და ვასილ ჩიგოგიძე გაერთიანებული ძალებით გააგრძელებენ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

როგორ ტოვებს თავდამსხმელი ბანკს მძევლებთან ერთად- ვიდეო












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics