16:52 - 06 Aug, 2020
2020-07-19 09:15:51, 2171 ნახვა

სპორტი
ინვესტორს დაპირებებს არ უსრულებენ - ქუთაისელი გულშემატკივარი მთავრობას ადანაშაულებს

„თვეები გავიდა და სამწუხაროა, რომ ქვეყნის მთავრობა დღემდე უყურადღებობას იჩენს ტორპედოს მიმართ და კლუბს მფლობელობაში არ გადასცემს იტალიელ ინვესტორს ფაბიო მანინოს“ , - ვკითხულობთ ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრების სოციალურ ქსელში განთავსებულ განცხადებაში.

განცხადებიდან როგორც ირკვევა 6 თვეა იტალიელი ინვესტორი ელოდება კლუბის გადაფორმებას, თუმცა თებერვალში დადებული დაპირება ინვესტორს დაპირებად ამ დრომდე რჩება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფაბიო მანინო ამ დროის განმავლობაში კლუბის ყველა დავალიანებასა და ხარჯებს ისტუმრებდა ისე, რომ იურიდიულად ქუთაისის „ტორპედო“ მისი არ იყო.

ასევე განცხადებიდან ვიგებთ, რომ ქუთაისურ გუნდს სახელფასო დავალიანების გამო ფიფამ სატრანსფერო ბანი დაადო. შესაბამისად კლუბის სამწრთნელო შტაბი ახალწვეულების განაცხადში მოხვედრას ვერ ახერხებს.

განცხადებაში გულშემატკივრები არ ახსენებენ კონკრეტულ ფეხბურთელებს, თუმცა ოფიციალურად გავრცელებული ცნობით ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც „ტორპედოს“ დავალიანების გამო უჩივლა ბრაზილიელი რიჩარდ ლუკა იყო.

„რამდენიმე თვე გავიდა და სამწუხაროა, რომ დღეს ისევ ნეგატიური განცხადების დაწერა გვიწევს.

თვეები გავიდა და სამწუხაროა, რომ ქვეყნის მთავრობა დღემდე უყურადღებობას იჩენს ტორპედოს მიმართ და კლუბს მფლობელობაში არ გადასცემს იტალიელ ინვესტორს ფაბიო მანინოს. თებერვლიდან მოყოლებული ეს პიროვნება გუნდის სახელფასო დავალიანებას ისტუმრებს, ასევე გუნდს სხვა საჭირო პირობებს უქმნის, ეს ყველაფერი კი მაშინ ხდება, როცა კლუბი ჯერ კიდევ იურიდიულად მისი არ არის.

ფაბიო მანინთან თითქმის ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და გვითხრა, რომ სახელმწიფოს მიმართ უკვე უნდობლობა აქვს, რამაც შეიძლება ტორპედოდან წასვლა გადააწყვეტინოს. ლოგიკურიცაა: როცა უცხოელი ინვესტორი შემოდის ქვეყანაში, დებს ფულს, მთავრობა დაპირებებს გასცემს, მაგრამ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ ასრულებს და არაფრად აგდებს, პროტესტი ექნება.

დღევანდელ დღეს ფაბიო მანინო ერთადერთი ინვესტორია, ვინც ტორპედოში ფულს დებს, მაგრამ ვინაიდან კლუბი ოფიციალურად მისი არ არის, რამის მოთხოვნაც რთულია. რატომ არ არის? იმიტომ რომ მთავრობა ინვესტორისთვის მიცემულ სიტყვას/პირობას დღემდე არ ასრულებს. თავის მხრივ, სპონსორი ასრულებს - გუნდს თვეებია ხელფასი დროულად ერიცხება, მოდიან ახალწვეულები, გუნდი ძლიერდება, მატჩიდან მატჩამდე უმატებს...

ახალწვეულების ხსენებაზე: გუნდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელია, მაგრამ დღემდე არ უთამაშიათ. კლუბი მათ განაცხადში შეყვანას ვერ ახერხებს. მიზეზი კი სატრანსფერო ბანია - რამდენიმე დღის წინ ყოფილი ფეხბურთელების დავალიანების გამო ფიფამ ტორპედოს სატრანსფერო ბანი დაადო: გუნდი ვერც ლეგიონერებს დაიმატებს, ვერც ქართველებს, სანამ ეს ფული გადახდილი არ იქნება. ფულის გადახდისთანავე, გუნდს ბანი მოეხსნება და ფეხბურთელთა დამატებაც შესაძლებელი გახდება.

თუ იტალიელმა ინვესტორმა მთავრობის უპასუხისმგებლობის გამო ტორპედოს დატოვება გადაწყვიტა, კლუბმა შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს. ის დღეს კლუბის არსებობის გარანტია, ამიტომ ვითხოვთ და  ველით, რომ უახლოეს დღეებში კლუბი მფლობელობაში გადაეცემა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რომ არ მივუბრუნდეთ გასულ წელს, ისევ არ დადგეს კითხვის ნიშნიშ ქვეშ ტორპედოს არსებობა, არ მოგვიწიოს ისევ ბრძოლა კლუბის გადარჩენისთვის... რომ არ დარჩეს გუნდი ისევ უპატრონოდ... მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დროულად მოაგვაროს ეს საკითხი, მფლობელობაში გადასცეს კლუბი ფაბიო მანინოს და შეასრულოს ყველა ის დაპირება თუ ვალდებულება, რაც თავის დროზე აიღო“ , - ვკითხულობთ განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

ბაჩალიაშვილის ოჯახის განცხადება მთავარ პროკურატურასთან












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics