13:24 - 10 Aug, 2020
2020-07-03 12:44:41, 2707 ნახვა

სხვადასხვა
DRI - სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებაში პოლიტიკური მიკერძოების ნიშნები იკვეთება

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება სუს-ის მიერ ტელეკომპანია „მთავარში“ გასულ სიუჟეტზე საბოტაჟის შემადგენლობით წარმოებულ გამოძიებას.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სუსის მიერ დაწყებულ გამოძიებაში პოლიტიკური მიკერძოების ნიშნები იკვეთება.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტელეკომპანია „მთავარში“ გასულ სიუჟეტზე საბოტაჟის შემადგენლობით წარმოებულ გამოძიებას და აღნიშნავს, რომ როგორც მითითებული მუხლით გამოძიების წარმოება, ასევე, საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები მსუსხავი ეფექტის მატარებელია აზრისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის, წარმოადგენს აშკარა ჩარევას მედიის და პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკური მიკერძოების რიგით შემთხვევად უნდა იქნეს მიჩნეული.

საბოტაჟის (სსკ-ის 318-ე მუხლის) არასრულყოფილი განმარტება

საქართველოს სსკ-ის 318-ე მუხლით საბოტაჟად მიიჩნევა საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა.  აღნიშნული მუხლით კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალებებისა და პოლიტიკური პარტიების წევრების მიმართ გამოძიების დაწყება, ისე, რომ არ იკვეთება მოქმედი პირების მიზანი - „დაესუსტებინათ საქართველო,“ ხაზს უსვავს, როგორც მინიმუმ, აღნიშნული შემადგენლობის არარსებობას.

ასევე, არ დასტურდება სახელმწიფოს ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის ფაქტი, რაც საბოტაჟის შემადგენლობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. შედეგად, ისეთი მიზნით დეტერმინირებულ ქმედებაზე, როგორიც საბოტაჟია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვერ გამოავლინა ვერც კონკრეტული პირების მიზანი - დაესუსტებინათ საქართველო, ვერც ქმედება, რამაც ხელი შეუშალა სახელმწიფოს ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ფუნქციონირებას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჭარბი კომპეტენციები და შერჩევითი მიდგომა

არსებული საკანონმდებლო რეგულაციებით, სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და ტერიტორიული ქვემდებარეობის განაწილების არსებული წესი არასრულყოფილია. ხარვეზიანი საკანონმდებლო რეგულაციების პირობებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელში თავმოყრილი ჭარბი ძალაუფლება, მინიმალური საპარლამენტო და საზოგადოებრივი კონტროლით, უსაფრთხოების სამსახურს აძლევს შესაძლებლობას, გასცდეს კანონით განსაზღვრულ მანდატს და უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენოს.  უკანასკნელ პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კონკრეტულ რეგიონებში რელიგიური ლიდერების, ადგილობრივი აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ დაწყებული გამოძიებაც  მხოლოდ აძლიერებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელში ჭარბი ძალაუფლების თავმოყრისა და პოლიტიკური მიკერძოების ვარაუდს.

იმ ფონზე, როდესაც სუს-მა სრულიად უგულებელყო საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გავრცელებული არაერთი (სავარაუდოდ, რუსული წარმომავლობის) ორგანიზებული დეზინფორმაციული კამპანია, რაც მოსახლეობაში გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებისადმი უნდობლობის გაღვივებას ისახავდა მიზნად,  წინსაარჩევნო პერიოდში კრიტიკულად განწყობილი მედიის და პოლიტიკოსების მიმართ აბსტრაქტულ და არარსებულ საფრთხეზე მითითებით გამოძიების დაწყება, განსხვავებული აზრის გამოხატვაზე ტოტალური კონტროლის დამყარების მცდელობად უნდა შეფასდეს“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.




ავტორი: მერი ტაბატაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

ბაჩალიაშვილის ოჯახის განცხადება მთავარ პროკურატურასთან












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics