გორის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ რევაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას ნასვამ მდგომარეობაში, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 13 ივლისს, ქალაქ გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. „ჯიპის“ მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალსა და მის 3 წლის შვილს დაეჯახა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი კლინიკაში გარდაიცვალა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან