ჩვენი წარმომადგენელი იმყოფება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მიმართავს ცესკოს, რომ ჩვენ სიას ვხსნით,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, პარტიაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც „ამ პარლამენტში ფეხს შედგამს“.
„ის შეკრება, რომელიც ჩატარდა დღეს პარლამენტის შენობაში, არანაირ კავშირში არ არის საქართველოს ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ამას არეგულირებს კონსტიტუცია და არჩევნები, რომელიც იყო აბსოლუტურად გათელილი და ხალხის ნების საწინააღმდეგო. შესაბამისად, რამდენჯერაც არ უნდა შეიკრიბონ, ეს შეკრება ვერ იქნება აღიარებული ძალაუფლებად.
ამ კონკრეტულ მომენტი მინდა განვაცხადო ფორმალურად, „კოალიცია ცვლილებისთვის“ სახელით, რომ ამ წუთებში ჩვენი წარმომადგენელი იმყოფება ცესკოში და საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მიმართავს ცესკოს, რომ ჩვენ ვხსნით ჩვენს სიას, არ ვაღიარებთ არჩევნებს, არ ვაპირებთ ამ პარლამენტთან არანაირ კავშირს და ფეხს არავინ ჩვენგან არ შედგამს ამ პარლამენტში“,- განაცხადა ხოშტარიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,