ხვალ, 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს შენობაში შესვლა შეეზღუდებათ. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.
როგორც პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, შენობაში დაიშვება ტელემაუწყებლების/ტელემედიასაშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედიასაშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“,- ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ხვალ, 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,