24 ნოემბერს, 15:00 საათზე თბილისში ქალთა მარშია დაგეგმილი.
მარში, ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე დაიწყება და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან პერფორმანსით დასრულდება.
„საქართველოში ემიგრაცია უმწვავეს პრობლემად რჩება. თითოეულ ჩვენგანს გვყავს ოჯახის წევრი, ნათესავი, მეზობელი ან მეგობარი, რომელიც იძულებითაა საზღვარგარეთ წასული. სიღარიბისა და უპერსპექტივობის გამო ოჯახები იშლება, თაობები იზრდებიან მონატრებასა და მარტოობაში.
გაყალბებული არჩევნებისა და დასუსტებული დემოკრატიის ფონზე, ქვეყანა ახალი ემიგრაციის მასშტაბური ტალღის საფრთხის წინაშე დგას. ეს არის დრო, როცა თითოეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს: ვისია საქართველო? მათი, ვისაც სამშობლოს სიყვარული მართავთ, თუ მათი, ვინც ჩვენს მომავალს გვაკარგვინებს?
ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის („კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველო“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „საქართველოსთვის“) ორგანიზებით, 24 ნოემბერს, 15:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება ქალთა მარში, რომელიც დასრულდება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან პერფორმანსით.
მონაწილეებს მოვუწოდებთ, თან წამოიღონ ჩემოდნები ან დიდი ჩანთები, რომელთაც მზად არიან, შეელიონ, რათა მარშის სიმბოლიკა კიდევ უფრო ხილული გახდეს. შემოგვიერთდი! ერთად გადავწყვიტოთ, ვისია საქართველო“,- აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,