საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე ყოფნის პერიოდში გაწეული სამსახურისთვის, მადლობას უხდის.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, საქართველო ბორელის მხარდაჭერას აფასებს.
„მადლობა, ძვირფასო ჯოზეფ ბორელ, თქვენი სამაგალითო სამსახურის, თავდადებისა და სიმტკიცისთვის. საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლისა და მისწრაფებების მიმართ“,- წერს ზურაბიშვილი და ამასთან ერთად, ესტონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ კაია კალასს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
„გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, შთამაგონებელია კიდევ ერთი ლიდერი ქალის, საქართველოს ძვირფასი მეგობრისა და ევროკავშირის გზაზე ჩვენი მხარდამჭერის ნახვა ევროპული საგარეო მოქმედების სამსახურის უმაღლეს წარმომადგენლად.
ვულოცავ კაია კალასს ახალი პერსპექტივებისა და ძლიერი ხელმძღვანელობის შემოტანას კომპლექსურ ლანდშაფტში ნავიგაციისთვის“,- წერს საქართველოს პრეზიდენტი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,