საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში ჩეხეთს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
ოლომოუცში გამართული მატჩი ჩეხებმა კარგად დაიწყეს და მე-3 წუთზე ანგარიში გახსნეს. კონტრშეტევაზე ჩვენი დაცვა ჩავარდა და პაველ შულცმა ახლოდან ზუსტად დაარტყა. 24-ე წუთზე კი საჯარიმო დარტყმა ადამ ჰლოჟეკმა იდეალურად შეასრულა და ჩეხების უპირატესობა ორამდე გაზარდა.
ვილი სანიოლმა შეტევის გაძლიერება ტაქტიკური ცვლილებით სცადა და მცველი გიორგი გველესიანი შემტევი ზურიკო დავითაშვილით შეცვალა. საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია, ერთ-ერთი შეტევისას ხვიჩა კვარაცხელიამ ძელს მოარტყა.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, მე-60 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ თავისი შანსით ისარგებლა და სხვაობა შეამცირა. თუმცა „ჯვაროსნებმა“ მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ 1:2 დამარცხდნენ.
ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ალბანეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო უკრაინის ნაკრებთან და C დივიზიონში დაქვეითდა.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფი მესამე ადგილზე დაასრულა და B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად C დივიზიონის რომელიმე მესამეადგილოსანთან პლეი ოფში ითამაშებს.
"პირველი არხი"
ავტორი: ექსპრესნიუსი,