საქართველოში 278 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული - რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 415 მლნ ლარს აღწევს
2024-10-03 12:26:51

საზოგადოება

3 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 278 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. აქედან 276 ათას ტონამდე კახეთის, 1 630 ტონამდე რაჭის, ხოლო დანარჩენი საქართველოს მევენახეობის სხვადასხვა რეგიონის მოსავალია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 415 მლნ ლარს აღწევს, ამ ეტაპისთვის კი, მოსავალი 20 ათასამდე მევენახემ დააბინავა.

“ამ დრომდე რთველის პროცესში ჯამურად 450 ღვინის კომპანია და მარანი იყო ჩართული. რთველი დასასრულს მიუახლოვდა კახეთისა და რაჭის რეგიონებში, უახლოეს დღეებში რთველი ლეჩხუმში, კერძოდ ცაგერის მუნიციპალიტეტში დაიწყება. მევენახე ფერმერების მიერ  მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის, ყურძნის ხარისხის შენარჩუნებისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს:

კახეთის რეგიონში სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც 1 კგ რქაწითელში მევენახეს არანაკლებ 1.00 ლარი გადაუხადა. ასევე, 13 სექტემბრიდან, შპს “მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს.

რაჭის რეგიონში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეული 1 კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენში მევენახეს გადაუხადა არანაკლებ 8 ლარი. 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულის  შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი