პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, საქმიანობის მხარდაჭერისა და წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა
2024-09-25 15:08:21

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს" წევრობის, „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  ვ.გ.-ს და მ.გ.-ს შორის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფინანსური დავა წარმოიშვა. ბრალდებულებმა დავის  გადაწყვეტის მიზნით „ქურდული სამყაროს" წევრებს კ.ვ.-ს და გ.კ.-ს მიმართეს. ფინანსური დავის „ქურდული გარჩევის" გზით გადაწყვეტაში ასევე, ჩართული იყო „ქურდული სამყაროს" მხარდამჭერი ტ.ფ. 2024 წლის 22 ივნისს, ოზურგეთში, „ქურდული სამყაროს" წევრებმა მოდავე მხარეების და „ქურდული სამყაროს" მხარდამჭერის მონაწილეობით „ქურდული გარჩევა" მოაწყვეს, რის შედეგადაც მ.გ.-ს მოდავე მხარის სასარგებლოდ  15 000 ლარის გადახდა დააკისრეს, რომელიც მან დათქმულ ვადაში გადაიხადა. თანხის ნაწილი დავის გადაწყვეტაში მონაწილე „ქურდული სამყაროს" წევრებს შორის გადანაწილდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 24 სექტემბერს დააკავეს. 2 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს" წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 1 პირს - სისხლის სამართლის კოდექსის 223³-ე მუხლის მე-2 ნაწილით („ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა), რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს,  ხოლო 2 პირს - სისხლის სამართლის კოდექსის 223⁴-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვა), რაც სასჯელის სახედ 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

პროკურატურა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს",- ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო