|
2016-07-09 14:48:56, 589 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ჩვენ ვრჩებით ნატოსთან ერთად ავღანეთში
ნატოს ვარშავის სამიტის ფარგლებში ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის თემაზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. შეხვედრა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. რის შემდეგაც, სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების სიტყვით გამოსვლები გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას იმ საერთო ძალისხმევაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ტერორიზმთან ბრძოლაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნები ახორციელებენ. შეხვედრის მსვლელობისას ქვეყნებმა ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი მდგომარეობა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მიმდინარეობა განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ გაგრძელებას. ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრა და ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესახებ ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. „ნატომ მიიღო გადაწყვეტილება „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატის გაგრძელებაზე. სკეპტიკოსების განაცხადის მიუხედავად, მისია არ იცვლება. პრეზიდენტმა ობამამაც განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ პროგრამაში და გააგრძელებს პარტნიორებთან ერთად აქტიურ მოქმედებებს, ერთი მხრივ, ავღანური არმიისა და ავღანეთის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად და, მეორე მხრივ, ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია გრძელდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო 2016 წლის დეკემბრამდე. დღეს კიდევ ერთი სიახლე ის იყო, რომ ყველა ქვეყანამ დაადასტურა საკუთარი პასუხისმგებლობა 2020 წლამდე. გუშინდელ დღემდე საუბარი იყო მისიის 2018 წლის ბოლომდე გაგრძელებაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, გუშინ ნატოს წევრი ქვეყნები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ეს ვალდებულება ასაღებია 2020 წლამდე. ბუნებრივია, თუ ყველაფერი კარგად იქნება ავღანეთში, ნებისმიერ მომენტში შეიძლება მისიის შეწყვეტა. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ოფიციალურად და ღიად დაადასტურა საქართველოს პოზიცია, რომ ჩვენ ვრჩებით ნატოსთან ერთად ავღანეთში ამ მისიის დასრულებამდე“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ნატოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ გაირკვევა, დასჭირდება თუ არა მისიაში საქართველოს მონაწილეობის საკითხს საქართველოს პარლამენტის რატიფიკაცია. გენერალური შტაბის უფროსმა კი განაცხადა, რომ ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველო ჯერჯერობით აქამდე განსაზღვრული ამოცანებით და იმავე რაიონებში რჩება. „ვრჩებით კოალიციის შემადგენლობაში, ვაგრძელებთ მისიას. რა თქმა უნდა, მოქნილად ვახორციელებთ ჩვენს ამოცანებს. შესაბამისად, დამოკიდებულები ვართ გეგმებზე, რომელსაც მისიის ხელმძღვანელობასთან ერთად ვამუშავებთ. ასე რომ, რაოდენობა, რომელიც დღეს გაგვაჩნია, რჩება იმ რაიონებში და იმ ამოცანებით, სადაც არის - ქაბულში, მაზარ-ი-შარიფში, ბაგრამში... ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერჯერობით ამ ფორმატში ვაგრძელებთ მუშაობას, ერთად ვახორციელებთ დაგეგმვას. პირველადი მონაცემებით, ჩვენი მისია არ იცვლება“,- განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. ვარშავის სამიტზე ნატომ მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელებასა და საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრას პირველად დაესწრო მონტენეგრო.
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)