17:48 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-24 16:41:56, 282 ნახვა

სამართალი
გენერალურ პროკურორსა და კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას, გაიოზ ჩარკვიანს შორის შეხვედრა შედგა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კოვიდპანდემიის დროს ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე, გაიოზ ჩარკვიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე თამარ ბეჟუაშვილი.

პროკურატურის განცხადებით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო გააგრძელებს სისხლის სამართლის საქმის შესწავლას, რაშიც ჩართული იქნება გაიოზ ჩარკვიანი.

„შეხვედრაზე გაიოზ ჩარკვიანს კიდევ ერთხელ მიეწოდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის დეტალების, გამოძიების მიმდინარეობის და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შესახებ. ასევე გაიოზ ჩარკვიანმა მისთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მიიღო პასუხი.

ასევე, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო გააგრძელებს სისხლის სამართლის საქმის შესწავლას, რაშიც ჩართული იქნება გაიოზ ჩარკვიანი და შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას.

საზოგადოების კიდევ ერთხელ ინფორმირების მიზნით, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე- საბურთალოს მთავარ სამმართველოში ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2021 წლის 8 ოქტომბერს, ვახტანგ ჩარკვიანის მამის - გაიოზ ჩარკვიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა განახორციელა 3 პირის მიმართ.

გამოძიების პროცესში, როგორც მისი უფლებამონაცვლე, უშუალოდ არის ჩართული გაიოზ ჩარკვიანი, რომელსაც სისტემატურად აქვს ინფორმაცია გამოძიების მსვლელობის შესახებ.

საქმეზე ჩატარდა ასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის დაინიშნა და ჩატარდა სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები, გამოიკითხა ათობით მოწმე, მათ შორის შესაბამისი დარგის სპეციალისტები და სხვა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით, ვახტანგ ჩარკვიანი მოთავსდა შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ (ე.წ. „რესპუბლიკური“), სადაც 2021 წლის 12 აგვისტოდან 17 აგვისტომდე პერიოდში, მკურნალობას გადიოდა თერაპიულ განყოფილებაში, ხოლო 17 აგვისტოს გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების უფროსმა - ქეთევან ცერცვაძემ და ამავე განყოფილების ექიმმა - ქეთევან ლობჟანიძემ არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა და დაარღვიეს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის კლინიკური მართვის წესი, რამაც ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია. კერძოდ, 2021 წლის 14 აგვისტოს ისე დაიწყეს პაციენტის ანტიბიოტიკოთერაპია, ხოლო შემდგომ შეცვალეს, რომ არ განუხორციელებიათ ბაქტერიოლოგიური კვლევა, რაც სავალდებულო იყო შესაბამისი გაიდლაინის მიხედვით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
ადვოკატი: შესაძლოა, საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ყაველაშვილს შეწყალება სთხოვოს
მოსკოვმა, სოხუმმა და ცხინვალმა თბილისიდან „ძალის გამოუყენებლობის გარანტიები“ მოითხოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics