|
2026-09-11 15:02:53, 1724 ნახვა
სამართალი
მოსამართლე ხუჭუამ FB-ზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული ადმინისტრაციული საქმე შეწყვიტა
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, მოქალაქის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა. "მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დგინდება მ.ს.-ს მიერ სამართალდარღვევის ჩადენა, ვინაიდან არ წარმოდგენილა მტკიცებულება, რომელიც დადასტურდებოდა კანონით დადგენილი წესით. საქმეში საერთოდ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება (ინფორმაცია) იმის შესახებ, რომ სოციალურ ქსელ Facebook-ში „M. S.“-ს სახელწოდების პროფილი ეკუთვნის მ. ს-ს. არ არსებობს რაიმე მონაცემი ან ინფორმაცია, იმის შესახებ მან შექმნა თუ არა პროფილი (გვერდი). ასევე არ არსებობს რაიმე მონაცემი ან ინფორმაცია, იმის შესახებ თუ ვინ ფლობს და სარგებლობს პროფილით, უშუალოდ ვინ და სად დაწერა კონკრეტული კომენტარი. არ არის წარმოდგენილი რაიმე მონაცემი ან ინფორმაცია შესაბამისი ინტერნეტ პროვაიდერიდან ან სოციალური ქსელიდან. არ არის წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა რომელიმე ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულზე რაიმე მტკიცებულების ან ინფორმაციის წარმოდგენა არც სასამართლო სხდომაზე მომხდარა. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამგვარი მიდგომა და საქმის წარმოება არ შეესაბამება ადამიანის უფლებების კანონიერ დაცვას. სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი ინფორმაცია ან არგუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ სოციალურ ქსელ Facebook-ში შეუძლებელია პროფილის შექმნა სხვა პირის სახელით, გვარით და ფოტოსურეთ(ებ)ით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია ნებისმიერმა პირმა შექმნას ნებისმიერი პირის სახელზე პროფილი და ატვირთოს სურათები, შეუძლებელია სასამართლომ მხოლოდ ამ სურათის „ამოცნობით“ დაადგინოს სამართალდარღვევის ფაქტი. არავინაა ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. კანონის ძალით მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული წარმოადგინოს უტყუარი მტკიცებულებები. თუ დავუშვებთ თუნდაც გონივრული ეჭვით, რომ პროფილი ეკუთვნის კონკრეტულ პირს, ამ შემთხვევაშიც უნდა დადასტურდეს, რომ უშუალოდ მან შეასრულა მოქმედება (კომენტარის დაწერა ან სხვა). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი ნორმებით და კანონმდებლობით ამ შემთხვევაშიც (სოციალურ ქსელში კომენტარის დაწერა) უნდა დადასტურდეს კონკრეტული პირის ვინაობა, რათა პირს უტყუარად დაუდასტურდეს ქმედების მის მიერ ჩადენა, მიუხედავად იმისა, ვის ეკუთვნის პროფილი, ვინ სარგებლობს პროფილით და ა.შ. პირს გააჩნია კონსტიტუციური უფლება საერთოდ არ უპასუხოს ბრალდებას, არ წარადგინოს პოზიცია, არ გამოცხადდეს სასამართლოში. სასამართლოში საქმის წარმოებისას წარმოდგენილი უნდა იქნეს მაღალი სტანდარტის მტკიცებულებები, რათა სასამართლომ უტყუარად დაადგინოს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოცემული საქმის ფარგლებში არ არის წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება და არც სხვა მტკიცებულება (ინფორმაცია), რომელიც დაადასტურებდა მ.ს.-ს მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე ძირითად მტკიცებულებად წარმოდგენილი სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირების თაობაზე ოქმის სამართლებრივი საფუძველი გაურკვეველი და ბუნდოვანია. სასამართლო არ განავრცობს მსჯელობას ოქმში მითითებულ ამოცნობასთან დაკავშირებით, რომლის გარემოებები (მეთოდი, საფუძველი და სხვა) საერთოდ ვერ ირკვევა. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, მ.ს.-ს მიმართ" - წერია გადაწყვეტილებაში, რომლის ტექსტსაც ინტერპრესნიუსი ავრცლებს. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ 2024 წლის არჩევნებზე, ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ საიას სარჩელი დააკმაყოფილა და ორ საარჩევნო ოლქში ხელახალი არჩევნების ჩატარება განსაზღვრა. შემდეგ კი გადაწყვეტილება ცესკომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)