|
2026-08-03 17:47:41, 1110 ნახვა
სამართალი
ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის საქმეზე უდესიანს და მუხაძეს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, გიორგი უდესიანი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო და ორივეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2008 წელს გიორგი უდესიანი და ბესარიონ ხარძიანი შპს "კუს ტბა კალასა" და შპს "კუს ტბა პალასის" პარტნიორები გახდნენ. 2011 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს ბესარიონ ხარძიანი, რომელიც პატიმრობის შეფარდების შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მოათავსეს. ბესარიონ ხარძიანის და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული კუს ტბის წილების უკანონოდ დაუფლების და შესაბამის ქონებებზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით, გიორგი უდესიანმა შეიმუშავა და განახორციელა ძალადობრივი, დანაშაულებრივი გეგმა. ბრალდებული დაუკავშირდა N8 დაწესებულების იმჟამინდელ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა და დაავალა საპატიმრო დაწესებულებაში ბიზნესმენისთვის იმგვარი პირობების შექმნა, რომ ბესარიონ ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები იძულებული გამხდარიყვნენ დაეთმოთ მათ საკუთრებაში არსებული კუს ტბის წილები. ბესარიონ ხარძიანის საკანში მოათავსეს ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილი ორი პატიმარი, რომლებსაც ალექსანდრე მუხაძისგან მიღებული ჰქონდათ დავალება, რომ ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით იძულებული გაეხადათ ბესარიონ ხარძიანი, დაეთმო კუს ტბის წილები. აღნიშნული პირები, თითქმის ორი თვის განმავლობაში სისტემატურად, ძალადობდნენ მასზე როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად და აიძულებდნენ, რომ ქონება გიორგი უდესიანის სასარგებლოდ დაეთმო. ასევე, ალექსანდრე მუხაძის დავალებით, ბესარიონ ხარძიანის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ხელს უწყობდნენ და უშუალოდ მონაწილეობდნენ N8 დაწესებულების თანამშრომლებიც. ასევე, გიორგი უდესიანმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა ბესარიონ ხარძიანის ძმაზე გიორგი ხარძიანზე. საბოლოოდ, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად, პატიმარი ბესარიონ ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ გიორგი უდესიანისთვის დაეთმოთ კუს ტბის (შპს "კუს ტბა კალა" და შპს "კუს ტბა პალასი") წილები, ვინაიდან მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მას ციხეში გაუპატიურება და მკვლელობა ემუქრებოდა. აღნიშნული ქონების ღირებულებამ დაახლოებით 4 000 000 ლარი შეადგინა." - ნათქვამია განცხადებაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი უდესიანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და "ზ" ქვეპუნქტებით (წამების ორგანიზება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის და დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ) და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ხოლო ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ზ", "თ" ქვეპუნქტებით (წამება, ჩადენილი მოხელის მიერ, დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, შეკვეთით) და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)