16:22 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-03 15:27:08, 278 ნახვა

პოლიტიკა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეზე ქართული ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინეს.

განცხადების თანახმად, შეპასუხებაში საია უთითებს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი არგუმენტები მიზნად ისახავს სტრასბურგის სასამართლოს შეცდომაში შეყვანას.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2026 წლის იანვარში სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო საიას მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვა, რომელიც შეეხება 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს კენჭისყრის ფარულობის მასობრივ დარღვევასა და საარჩევნო დავებზე სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებების არარსებობას. 

საიას მიერ სტრასბურგის სასამართლოსთვის წარდგენილი საჩივარი თავისი სამართლებრივი მნიშვნელობით პრეცედენტულია, რადგან სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეაფასოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი კენჭისყრის ფარულობის დარღვევები და არჩევნებთან დაკავშირებული დავების განხილვის ეფექტიანობა კონვენციის სტანდარტების ჭრილში. საქმის მნიშვნელობას ასევე ადასტურებს სტრასბურგის სასამართლოს მითითება, რომ მას შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი მიენიჭოს.

ხაზგასასმელია,  რომ სტრასბურგის სასამართლოს აქამდე არასდროს ჰქონია საქმე, სადაც პირდაპირ შეფასდებოდა სახელმწიფოს პროცედურული ვალდებულებები, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს მან ხმის ფარულობა უშუალოდ კენჭისყრის პროცესში, მით უმეტეს - თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების პირობებში.

საიას საჩივარში დასაბუთებულია, რომ არჩევნების ჩატარებისას საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ვალდებულებები სათანადოდ ვერ შეასრულა, რამაც მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი. ამასთან, საჩივარში აღნიშნულია, რომ საარჩევნო დავების განხილვის პროცესში დაირღვა ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებებით სარგებლობის უფლება, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ბლანკეტური დანაწესის გამო, რომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავებზე საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს.

საიას მიერ 2024 წლის არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის საქმე წარდგენილია მხოლოდ ორი მომჩივნის სახელით - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ფიზიკური პირის მიერ. სტრასბურგის სასამართლომ საიას საჩივარი კიდევ სხვა ორ საჩივართან გააერთიანა. საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, საჯარო სივრცეში ვრცელდებოდა მცდარი და მანიპულაციური ინფორმაცია, თითქოს საიამ აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართა. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას, რაც სტრასბურგის სასამართლოს მედიასთან ურთიერთობის სამსახურმაც დაადასტურა „მითების დეტექტორის“ მიმართვის საპასუხოდ, ამავე სამსახურმა აღნიშნული დაადასტურა საიასთან უშუალო კომუნიკაციის სახითაც. სასამართლოს საიას მიერ გაგზავნილი წერილობითი პოზიციით მიეწოდა დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებითაც. 

შეპასუხებაში საია უთითებს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი არგუმენტები მიზნად ისახავს სტრასბურგის სასამართლოს შეცდომაში შეყვანას. საია დავობს, შემდეგი მიმართულებებით:

  • სისტემური ხარვეზები და ფარულობის დარღვევა: წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საია უთითებს, რომ 2024 წლის არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევა არ ყოფილა ცალკეული, ტექნიკური ინციდენტი - ეს იყო სისტემური პრობლემა. არჩევნების დროს გამოყენებულმა ელექტრონულმა ტექნოლოგიებმა, ბიულეტენებზე მარკერის მელნის გაჟონვამ და ბიულეტენზე კანდიდატთა განლაგებამ (სადაც მმართველი პარტია ყოველთვის ბოლო ნომერი იყო) შესაძლებელი გახადა ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირება. წერილობით პოზიციაში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოსთვის ჯერ კიდევ 2021 წელს ცნობილი იყო, რომ ელექტრონული საშუალებების გამოყენებით არჩევნების ჩატარებისას მარკერის მელნის გაჟონვას შესაძლოა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის საფრთხე შეექმნა. 
  • 2025 წელს ე.წ. „საფარის“ დამატება, როგორც 2024 წლის საპარლამენტო საარჩევნო პროცესის ხარვეზის აღიარება: სტრასბურგის სასამართლოს ყურადღება გავამახვილეთ 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, სადაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ელექტრონულ საარჩევნო ყუთებზე სპეციალური „საფარი“ დაამონტაჟა, რათა აღეკვეთა ბიულეტენის ხილვადობა. ეს ქმედება არის პირდაპირი აღიარება იმისა, რომ 2024 წელს საარჩევნო პროცესმა გამოიწვია ფარულობასთან დაკავშირებით რეალური და საფუძვლიანი პრეტენზიები, რომლებიც, მათ შორის, წინამდებარე სამართლებრივ დავაშიც გამოიხატა. 
  • შიდასამართლებრივი მექანიზმების არაეფექტიანობა: საქართველოს კანონმდებლობა ინდივიდუალურ ამომრჩეველს პრაქტიკულად არ აძლევს შესაძლებლობას, დავა სასამართლოში არჩევნების პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით დაიწყოს/აწარმოოს. ეროვნულ დონეზე აღნიშნული ქმედების განხორციელების უფლებამოსილება კანონით მინიჭებული აქვს სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რომელსაც შეუძლია/ვალდებულია დაიცვას ამომრჩეველთა საარჩევნო უფლება. 
  • შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა: მომჩივნებმა იმოქმედეს კეთილსინდისიერად და ამოწურეს ყველა ხელმისაწვდომი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალება, რის შემდეგაც სტრასბურგის სასამართლოს დასაბუთებული საჩივრით მიმართეს. ამასთან, მთავრობის მიერ წარმოდგენილი პოზიცია არ შეიცავდა საკმარის სამართლებრივ არგუმენტებს საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით და ვერ პასუხობდა სასამართლოს მიერ დასმულ სამართლებრივ საკითხებს. მთავრობის მიდგომა მიზანმიმართულად საფრთხეს უქმნის საარჩევნო უფლების მქონე პირთა ეფექტიან დაცვას, რომელიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლით, და ფაქტობრივად გამორიცხავს მათთვის კონვენციით გათვალისწინებული დაცვის მექანიზმების სრულფასოვან გამოყენებას.
  • პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის მასშტაბი და მოთხოვნები: საია დავობს პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის დარღვევას, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას “გონივრული პერიოდულობით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას”. წერილობით პოზიციაში გაანალიზებულია სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული სამართალი და ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავს ფარული კენჭისყრის მნიშვნელობასა და სახელმწიფოთა ვალდებულებას, უზრუნველყონ მისი ეფექტიანი დაცვა". - წერს საია.

სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის არჩევნებზე საიას საჩივრის არსებითი განხილვა 23 იანვარს დაიწყო.

საიამ წარდგენილ საჩივარში, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში 2025 წელს გაგზავნა, მიუთითა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ მასობრივად დაარღვია ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი, ხოლო საარჩევნო დავების განხილვისას დაირღვა დავების ერთიანი მექანიზმით განხილვის უფლება.

ორგანიზაცია ასევე დავობდა, რომ კანონმდებლობაში არსებული განაწესი, რომელიც ზღუდავს საარჩევნო დავაზე საჩივრების წარდგენის შესაძლებლობას, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics