13:33 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-15 11:42:22, 282 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში დიდუბიდან დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi-მა გაიმარჯვა. შესყიდვაში წინადადებების მიღება 31 მარტს დასრულდა და ამ პერიოდის განმავლობაში მერია 4 კომპანიის მიერ წარდგენილ წინადადებებს სწავლობდა. გამარჯვებულმა კომპანიამ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი 287.6 მილიონი ლარის წინადადება დააფიქსირა, რაც ტენდერის სავარაუდო ფასზე 416.6 მილიონ ლარზე - 129 მილიონი ლარით ნაკლებია.

ტენდერში მონაწილეობა სულ სამმა თურქულმა და ერთმა ჩინურმა კომპანიამ მიიღო, კომპანიების მიერ დაფიქსირებულ წინადადებებს, ასევე, მათ მიერ მითითებულ გამოცდილებას და სხვა ტექნიკურ პარამეტრებს თბილისის მერია გასული სამი თვის განმავლობაში სწავლობდა, რის შედეგადაც გამარჯვებულად ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზების მქონე EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi გამოვლინდა.

კახა კალაძის განცხადებით, ტრამვაის ხაზის მშენებლობის დაწყების პარალელურად, მერია გამოაცხადებს ტენდერს 10 ერთეული ტრამვაის მოძრავი შემადგენლობის შესყიდვასთან დაკავშირებით. თუმცა, თბილისის მერს არ დაუკონკრეტებია თუ რა იქნება აღნიშნული ტენდერის სავარაუდო ფასი.

"ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო დაპირება ისეთი ისტორიული პროექტის განხორციელებაზე, როგორიცაა ტრამვაის ხაზი. დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით, აზიის განვითარების ბანკის (ADB-ის) შესყიდვის წესებით გამოცხადებული ტენდერი, მიმდინარე წლის 31 მარტს გაიხსნა. ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი წინადადებები წარმოადგინა ოთხმა მსხვილმა კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ, მათ შორის, სამი თურქეთში, ხოლო ერთი ჩინეთშია რეგისტრირებული. წარმოდგენილი წინადადებების შეფასება დასრულებულია და გვყავს გამარჯვებული კომპანია, თურქეთში რეგისტრირებული ერთობლივი საწარმო EYE (Emre Ray + Yüksel + Erk), რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა. ADB-ის შესყიდვის წესების შესაბამისად განისაზღვრა ე.წ. გასაჩივრების 14-დღიანი პერიოდი, რომლის გასვლის შემდეგაც გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომპანიების მიერ ტენდერში წარდგენილი წინადადებები ასე ნაწილდება:

  • DOGUS INSAAT VE TICARET A.S. (თურქეთი) - 412,628,931 ლარი. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, მათ გაყვანილი აქვთ სტამბულის მეტროს 53-კილომეტრიანი ხაზი და 16 სადგური. ასევე ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას მეტროს მეორე ხაზის სამშენებლო პროექტი. საუდის არაბეთის ქალაქ რიადის მეტროს ხაზი; ინდოეთის ქალაქ მუმბაის მეტროს მესამე ხაზი; ასევე ქალაქ სტამბულში ემიმონუდან-ალიბეიკოიმდე ტრამვაის ხაზი;
  • Wuhan Municipal Construction Group Co., Ltd. (ჩინეთი. მუნიციპალური კომპანია) - 397,470,472 ლარი. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, მათი საქმიანობა ძირითადად ქალაქ ვუჰანის საინჟინრო სერვისების მიწოდებას წარმაოდგენს, რაც მოიცავს მეტროს და ტრამვაის ხაზის პროექტირება მშენებლობას.
  • YDA İNŞAAT SANAYİ VE TİCARET ANONİM ŞİRKETİ (თურქეთი) - 332,449,164 ლარი. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, მათ განხორციელებული აქვთ თურქეთის კალაქ კაისერის ტრამვაის 5.5-კილომეტრიანი ხაზის მშენებლობის სამუშაოები.
  • EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi (თურქეთი) - 287,654,321 ლარი. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, მათ განხორციელებული აქვთ სტამბულის ემიმონუ-კაბატაშის 7.3-კილომეტრიანი ტრამვაის მონაკვეთის პროექტი, რაც მოიცავდა ლიანდაგებისა და ელექტროგაყვანილობის მოწყობას. ასევე ქალაქ ესკიშეჰირის 17-კილომეტრიანი ტრამვაის ხაზი, ასევე ქალაქ ანტალიას ტრამვაის ხაზის ელექტრიფიკაციის სამუშაოები.

 

დიდუბე-დიდი დიღმის ტრამვაის ხაზი

დიდუბიდან დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზის და ტრამვაის დეპოს მშენებლობაზე პირველი ტენდერი 2025 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, რომელიც ჯერ იანვრამდე გახანგრძლივდა, შემდეგ კი 2026 წლის 13 თებერვალს ხელახლა გამოცხადდა და მისმა ვადამ 31 მარტამდე გადაიწია. სწორედ აღნიშნული ტენდერის გამარჯვებული გამოვლინდა დღეს.

ახალი ტრამვაის ხაზის სიგრძე 7.5 კილომეტრი უნდა იყოს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ეძებს კონტრაქტორს, რომელიც პროექტს Design-Build (DB) მეთოდით განახორციელებს, რაც გულისხმობს როგორც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე უშუალოდ მშენებლობას. პროექტის თანახმად, ტრამვაის ხაზი დააკავშირებს დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს მეტრო დიდუბესთან, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა გადაადგილებას. პროექტის თანახმად, ტრამვაის ერთ შემადგენლობას არანაკლებ 300 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს. ახალ ხაზს 11 გაჩერება ექნება. პროექტის განხორციელებისთვის კონტრაქტორს 36 თვის ვადა, ანუ 3 წელი მიეცემა. აქედან უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის 24 თვე არის გამოყოფილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics