ქართული ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას "პირველი არხის" ეთერში გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოსთან ურთიერთობა უსამართლო დამოკიდებულებამ გააფუჭა და ამის შეცვლა მარტივად შეიძლება, თუკი ეს უსამართლო დამოკიდებულება შეიცვლება, თუმცა "ტრაექტორიის შეცვლას" არ აპირებენ.
"ქართული მხარე არის აბსოლუტურად გულღია. ჩვენ ჩვენი ერთგულება იმ სტრატეგიული ურთიერთობებისთვის, რომელიც ჩვენსა და აშშ-ის შორის არსებობდა არაერთგზის გვაქვს დამტკიცებული საკუთარი სიცოცხლით. იმ სიცოცხლით, რომელიც ქართველმა სამხედროებმა, ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა დადეს იმ მისიებში, ამერიკელ ჯარისკაცებთან გვერდიგვერდ ბრძოლის დროს, სადაც ევროკავშირის და NATO-ს წევრი ქვეყნების სხვა წარმომადგენლები ან საერთოდ არ იყვნენ, ან იმალებოდნენ შტაბებში და არ იყვნენ წინა ხაზზე — ეს ერთი. მეორე, საქართველოსთან დამოკიდებულება რამაც გააფუჭა უსამართლო დამოკიდებულებამ, ძალიან მარტივად ამის შეცვლა, სამართლიანი დამოკიდებულება აბსოლუტურად გამოაკეთებს ამ მდგომარეობას და ჩვენ ამ მხრივ არაფერი შესაცვლელი [არ გვაქვს].
[...]
რა თქმა უნდა ეს ორმხრივი ურთიერთობაა. ბუნებრივია ქართული მხარე ან შეერთებული შტატები ცალ კარში თამაშს ვერ დაიწყებს. აქ არის ორმხრივი ურთიერთობა. აქ არის ქართული მხარის სრული მზაობა სამართლიანი, ობიექტური ურთიერთობის ჭრილში კი არ განვაახლოთ [სტრატეგიული პარტნიორობა]... ის სტრატეგიული პარტნიორობა ფაქტობრივად არსებობდა ქაღალდზე. არც თავისუფალი ვაჭრობა გვქონდა ჩვენ აშშ-ისთან, არც თავისუფალი ფრენები გვქონდა ჩვენ შეერთებულ შტატებთან და ის იყო 2008 წლის იმ კატასტროფის მერე სააკაშვილმა რომ ეს ქვეყანა ჩააგდო, თითქოს ბონუსად ჩვენი ქვეყნისთვის მოცემული, რომელიც საბოლოო ჯამში იმაზე მეტს არ ნიშნავდა, ვიდრე ეს იყო ქაღალდზე დაწერილი. დღეს ჩვენ გვინდა რეალური ურთიერთსასარგებლო ურთიერთობა", — განაცხადა მათიკაშვილმა.
მათიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პროჩინურ და პროირანულ დამოკიდებულებაზე საუბარი ღიმილის მომგვრელიც აღარ არის და მსგავსი კითხვების გაჟღერება შეგნებული დაკვეთაა.
"...თქვენ ფორმატი ნახეთ ალბათ ამ ურთიერთობის [უილსონისა და რუბიოს კითხვა-პასუხის]. ერთი პარტიის წევრებს შორის ხდებოდა კითხვა-პასუხი და იმ ტყუილებით, დაკვეთილი ფანტაზიებით გაჯერებულ კითხვაში, სადაც ღიმილის მომგვრელიც აღარ არის ბატონი უილსონის ეს წიაღსვლები რაღაც პროირანულთან და პროჩინურ თემასთან დაკავშირებით. აგერ, ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტი ბრძანდებოდა ჩინეთში. ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო პოლიტიკისთვის და როდესაც ევროპული ლიდერები სი ძინ პინის კართან რიგში დგანან, ვის პირველ მიიღებს, საქართველოსთან არსებული ურთიერთობა არავის არ გაჰკვირვებია და არც გაუკვირდებათ ეს რომ მართლაც არ იყოს შეგნებულად დაკვეთილი და დაფინანსებული რაღაც სურვილები ცალკეული ძალებისა — ჯო უილსონის პირით გააჟღერონ ის, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმა. ეს ხომ ორჯერ ორი ოთხია...
გახსოვთ თქვენ უსამართლო თავდასხმები ჩვენს ქვეყანაზე, უკრაინაში ცეცხლი ეკიდა ყველაფერს, უზარმაზარი გამოწვევების წინაშე იდგა თვითონ შტატები და დანარჩენი მსოფლიო და დილა არ იწყებოდა, რომ თეთრ სახლში პრესკონფერენცია შესაბამისი ადეკვატური კითხვით, რომელიც ჟურნალისტისგან მიდიოდა, რომ საქართველოს თემით არ დაწყებულიყო, საერთოდ რა შუაში იყო იქ საქართველო იმიტომ, რომ იყო ინტერესი და ამიტომაც დაიწყო ურთიერთობების გაფუჭება შეგნებულად.
დღეს ეს მოცემულობა არ გვაქვს, ტრამპის ადმინისტრაციისგან სხვა დამოკიდებულებას ვხედავთ, სხვა გზავნილებს, პრაგმატულ პოლიტიკურ ეკონომიკურ ურთიერთობაზე არის საუბარი, სადაც საქართველო არის აბსოლუტურად მზად, ხელი გაუწოდოს და გაწვდილიც არის ეს ხელი, ასე რომ, ჩვენ აქ რაღაც პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილება დღის წესრიგში არ გვიდგას", — განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ საქართველოზე დასმული კითხვის საპასუხოდ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ქართულ მხარეს მკაფიოდ განუმარტეს, რა არის საჭირო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და იმედოვნებენ, რომ შეძლებენ საქართველოში არსებული მოვლენების განვითარების ტრაექტორიის შეცვლას.