|
2026-06-01 13:22:10, 2428 ნახვა
პოლიტიკა
დათუნაშვილი - ოცნების მთავრობამ, პრობლემების მოგვარების ნაცვლად, გადაწყვიტა, შექმნას მორალის პოლიცია
„ქართული ოცნების“ სასიქადულო ხელისუფლებამ დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ღირსეული ნაბიჯი გადადგა ქართული ავტოკრატიის მშენებლობის და განვითარების გზაზე. ყველა დროის ყველაზე უმორალო „ქართული ოცნების“ მთავრობამ, რეალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად, გადაწყვიტა, შექმნას „მორალის პოლიცია“, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა. დათუნაშვილის თქმით, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს მოქალაქეების თავისუფლების შეზღუდვის გზაზე. „მორალის სამმართველოს უდიდესი შრომის გაწევა მოუწევს, რადგან 10-კაციანი რაზმი შეეჭიდება 3-მილიონი ქართველის ფეისბუქგვერდის კონტროლს. დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ ამხანაგებს ამისთვის და დარწმუნებული ვარ, ეს შრომა აუცილებლად დაუფასდებათ. ყველაზე „ჰუმანური“ შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო უკვე შექმნილია“. აი, ახლა, ამ წუთებში, როდესაც მე მისმენთ, ათი თანამშრომელი თავდაუზოგავად სქროლავს სოციალურ ქსელს და ამით სქროლვა-სქრინვის სამმართველოს მთავარ ფუნქციას ასრულებს. თქვენს ფეისბუქკედლებს ამიერიდან არა ვინმე ციცო დეიდა, არამედ „მორალის პოლიცია“ გააკონტროლებს, რა ჭკუაზე ხართ, რა გონებაზე, რას აკომენტარებთ, რას წერთ და როგორი ემოცია გაქვთ. ამიტომ მშვიდად იყავით, ქართველებო. როგორც ჩანს, „ოცნების“ ახალი პოლიტიკური პროგრამა ასეთია და ძალიან მარტივი – სულ უფრო ნაკლები თავისუფლება ხალხს, მეტი მონიტორინგი, ნაკლები პასუხი რეალურ პრობლემებზე, მეტი სქრინი მოქალაქეების პროფილებიდან ხელისუფლებას, ვაშა და ყოჩაღ, მეგობრებო. ვაი თქვენს პატრონს, „ქართულო ოცნებავ“. ახლა კი სერიოზულად – „მორალის პოლიცია“ შექმნა ხელისუფლებამ, რომლის დამსახურებაა საქართველოში ქართული ენის დეგრადაცია საჯარო სივრცეში, რომლის გენერალური მდივანი, პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები სხვადასხვა დროს დედას იგინებიან იმ დარბაზებში, რომლებშიც მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია, რომლებშიც მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და ა.შ. ეს ადამიანები აკონტროლებენ საქართველოს მოქალაქეების ენას იმ უწყების გავლით, რომელ უწყებასაც ტვირთად ადევს რამდენიმე დღის წინ ადამიანის საჯაროდ წამება, რომელიც ვიდეოზე დაფიქსირდა და რომელიც, ზოგადად, სისტემურად აწამებს ადამიანებს. პოლიცია, რომელიც შენობით ელაპარაკება აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს, პოლიცია, რომელიც პერმანენტულად, 24-საათიან რეჟიმში ამცირებს საქართველოს მოქალაქეებს, თურმე ეს უწყება დღეს არის სანდო იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ენა აკონტროლოს. ეს არის სამარცხვინო მოვლენა და კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს მოქალაქეების თავისუფლების შეზღუდვის გზაზე. ეს ასე არ დამთავრდება, ბოლოს მაინც ქართველი ხალხი გაიმარჯვებს“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)