|
2026-05-20 17:54:34, 3782 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო ტარიფებზე შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზის თანახმად, დროებითი შეთანხმება მიღწეულია ორ რეგულაციაზე, რომლებიც მიზნად ისახავს ევროკავშირი-აშშ-ის 2025 წლის 21 აგვისტოს ერთობლივი განცხადების სატარიფო ასპექტების იმპლემენტაციას. გასული წლის ივლისში ევროკავშირი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ აშშ ევროპულ პროდუქციაზე მაქსიმუმ 15%-იან ტარიფს დააწესებდა. თუმცა, ბრიუსელი არ ჩქარობდა საპასუხო ნაბიჯის გადადგმას და საპასუხოდ აშშ-დან იმპორტირებული საქონლის უმეტესობაზე გადასახადების გაუქმებას, რამაც პრეზიდენტ ტრამპის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიუღებლობის მიზეზი იყო დონალდ ტრამპის განცხადებები, რომლებიც აშშ-ის მიერ გრენლანდიის ხელში ჩაგდებას ეხებოდა. დღეს მიღწეული შეთანხმების მიზანია „სტაბილური და პროგნოზირებადი ტრანსატლანტიკური სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება, ამავდროულად საიმედო დამცავი მექანიზმების უზრუნველყოფა და მოქნილობის შენარჩუნება, რათა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის ეკონომიკური ინტერესების დაცვა“. პირველი (მთავარი) რეგულაცია აუქმებს საბაჟო გადასახადებს აშშ-ის სამრეწველო საქონელზე და ხელს უწყობს ბაზარზე შეღავათიან ხელმისაწვდომობას, მათ შორის სატარიფო კვოტებისა (TRQs) და შემცირებული ტარიფების მეშვეობით აშშ-ის ზღვის პროდუქტებსა და გარკვეული არასენსიტიური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე. მეორე რეგულაცია ფოკუსირებულია ლობსტერების იმპორტზე, რაც გულისხმობს გადამუშავებულ ლობსტერებზე საბაჟო გადასახადის გაუქმების ვადის გაგრძელებას. შეთანხმება გულისხმობს სპეციალური დამცავი მექანიზმის ამუშავებას, რომელიც ევროკავშირს აძლევს რეაგირების უფლებას, თუ აშშ-იდან იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც ზიანს აყენებს ან საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მწარმოებლებს; ან თუ აშშ არ შეასრულებს ერთობლივი განცხადების პირობებს, ან დისკრიმინაციულად იმოქმედებს ევროპული ოპერატორების წინააღმდეგ. ამასთანავე, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს აშშ-სთვის დაწესებული შეღავათები ფოლადისა და ალუმინის პროდუქტებზე, თუ 2026 წლის 31 დეკემბრისთვის აშშ გააგრძელებს 15%-ზე მაღალი სატარიფო განაკვეთის გამოყენებას ევროკავშირიდან იმპორტირებული ფოლადისა და ალუმინის ნაწარმზე. ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ, რომ რეგულაციის მოქმედება შეწყდება 2029 წლის ბოლოს, თუ მანამდე არ იქნება მიღებული შემდგომი ზომები. ევროკავშირსა და აშშ-ს მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობა აქვთ, რაც გლობალური საქონლისა და მომსახურების ვაჭრობის თითქმის 30%-ს, ხოლო გლობალური მშპ-ის 43%-ს შეადგენს. 2024 წელს მათ შორის ვაჭრობამ დაახლოებით 1.7 ტრილიონი ევრო შეადგინა. აღნიშნული ორი რეგულაციის პროექტი ევროკომისიამ 2025 წლის 28 აგვისტოს წარადგინა.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)