|
2026-03-25 15:54:06, 304 ნახვა
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"-ს ანგარიშის მიხედვით, „იმედს“ წლებია ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს შეღავათიანი სესხების გზით, მასთან დაკავშირებული კომპანიების - „ბანკი ქართუ“, „შპს ქართუ ჯგუფის“, Wenigen Management Limited - საშუალებით". მკვლევარების თქმით, მთლიანობაში, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების მიმართ „იმედის“ ჯამური სასესხო დავალიანება 165 მლნ ლარს აღწევს, რაც „იმედის“ დაფინანსების თითქმის 50%-ია. „ქართული ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტული საშუალება – ტელეკომპანია „იმედი“ ხშირად პოზიციონირებს, როგორც დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე კერძო ტელევიზია. ამავე დროს, მისი მფლობელი ირაკლი რუხაძე აღიარებს, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას ის განსაზღვრავს და რომ ის „ქართული ოცნების“ პარტიულ მიზნებს ემთხვევა. შპს „ტელეიმედის“ 100%-ს შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ ჯგუფი“ ფლობს, რომლის მფლობელი ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია „მედია ფაინენს გრუპ“ არის. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „მედია ფაინენს გრუპის“ საბოლოო მფლობელები კი ირაკლი რუხაძე, ბენჯამინ ალბერტ მარსონი და იგორ ალექსეევი არიან. „ტელეიმედი“ ზარალზე მომუშავე კომპანიაა. მისი ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 388 მლნ ლარის დაგროვილი ზარალი ჰქონდა. 2018 წელს, როდესაც პირველად გასაჯაროვდა „ტელეიმედის“ ფინანსური ანგარიში, კომპანიას უკვე 170 მლნ ლარის დაგროვილი ზარალი ჰქონდა. ზარალის დასაფარად „ტელეიმედი“ მისი მფლობელებისა და მათთან დაკავშირებული კომპანიებისგან წლიდან წლამდე იღებს შეღავათიან სესხებს, რომელთა დაბრუნებას „ტელეიმედს“ არავინ სთხოვს. ამას კომპანია თავად აღნიშნავს მის ფინანსურ ანგარიშებში. 2023 წლის ფინანსურ ანგარიშში (გვერდი 22) ვკითხულობთ: „მიმდინარე ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოდგენილია ისეთი კომპანიებისგან აღებული სესხებით, რომლებიც კომპანიის აქციონერები და მათი ჯგუფის წევრები არიან. კომპანიის ხელმძღვანელობა არ მოელის, რომ აღნიშნული კრედიტორები მოითხოვენ სესხების დაფარვას ისე, რომ „ტელეიმედს“ლიკვიდურობის პრობლემა შეექმნას”. 2018 წელს „ტელეიმედს“ 141 მლნ ლარის სესხი ჰქონდა აღებული, ხოლო 2023 წელს უკვე 331 მლნ ლარი. ამ თანხის უმეტესი ნაწილი კომპანიის ერთ-ერთი საბოლოო ბენეფიციარი მფლობელის, ირაკლი რუხაძის კომპანიებისგან მოდის. თუმცა, ფინანსური ანგარიშების ანალიზმა აჩვენა, რომ იმავე სქემით, „ტელეიმედის“ დამფინანსებელთა შორის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებიც არიან, ბოლო მონაცემებით (2022 წელი):
2018 წლის ბოლოს „ტელეიმედს“ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისგან 15 მლნ ლარამდე სესხი ჰქონდა მიღებული, კერძოდ „ქართუ ბანკისგან“ 8.1 მლნ ლარი და Wenigen Management Limited-სგან 6.8 მლნ ლარი. 2022 წლის ბოლოს „ტელეიმედის“ სასესხო დავალიანება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების მიმართ 61 მლნ ლარამდე იყო. ტელევიზიას ყველაზე მეტი ვალი – 45 მლნ ლარამდე „ქართუ ბანკის“ მიმართ ჰქონდა. 9 მლნ ლარის სესხი ჰქონდა Wenigen Management Limited-სგან და 7 მლნ ლარის სესხი შპს „ქართუ ჯგუფისგან“. 2018 წელს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების სესხის წილი მთლიან სესხებში 10% იყო, ხოლო 2022 წელს 21%. 2023 წლის ფინანსურ ანგარიშში „ტელეიმედის“ სესხები აღარ არის ჩაშლილი კრედიტორების მიხედვით. თუმცა, აღნიშნულია, რომ 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული მიმდინარე ვალდებულებებიდან (331 მლნ ლარი) მნიშვნელოვანი ნაწილი (274 მლნ ლარი) „ტელეიმედის“ აქციონერებისგან და მათთან დაკავშირებული კომპანიებისგან აღებული სესხებია.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)