04:17 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 12:36:39, 862 ნახვა

„მოთმინებამ გაამართლა“ - ტრამპის ზარის შემდეგ პუტინი ჩრდილიდან გამოვიდა

„მოთმინებამ გაამართლა“: ტრამპის ზარის შემდეგ პუტინი ჩრდილიდან გამოვიდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დასავლეთს დიდწილად მას შემდეგ გაემიჯნა, რაც მისი ჯარები 2022 წლის თებერვალში უკრაინას თავს დაესხნენ და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი კონფლიქტი გააჩაღეს. იზოლაციის ეპოქა მოულოდნელად ოთხშაბათს, 12 თებერვალს, დასრულდა, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კრემლში დარეკა. ორ მამაკაცს შორის სატელეფონო საუბარმა, რომელიც კრემლის განცხადებით, თითქმის საათნახევარი გაგრძელდა, უკრაინასა და ევროპაში შეშფოთება გამოიწვია, სამაგიეროდ, ძალა შემატა „კაგებეს“ ყოფილ აგენტს, რომელსაც, ბოლო სამი წლის განმავლობაში, დასავლელ კოლეგებთან, პრაქტიკულად, არანაირი პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონია, რადგან უკრაინაში რუსეთის სამხედრო კამპანიით შეძრწუნებულმა დასავლეთმა პუტინს სანქციები დაუწესა, ხოლო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა.

ტრამპის წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა მას „გიჟი დიქტატორი“, „მთელი მსოფლიოს პარია“ (ერთ-ერთი უმდაბლესი, ე. წ. „ხელშეუხებელთა“ კასტის წარმომადგენელი ინდოეთში - რედ.) და „შეშლილი ნაბიჭვარი“ უწოდა. ტრამპთან დიდი ხნის ნანატრი საუბარი გვიჩვენებს, რამდენად სწრაფად იცვლება სიტუაცია პუტინისთვის სასიკეთოდ სამი წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით, როდესაც მას „შავი კოშმარის“ იარლიყი მიაწებეს. „პუტინის მოთმინებამ შედეგი გამოიღო“, - ამბობს რუსი პოლიტოლოგი, ტატიანა სტანოვაია.

„ერთად მუშაობის დრო“

ეს სატელეფონო საუბარი, ალბათ, მხოლოდ პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ პუტინი იზოლაციის ჩრდილიდან გამოვიდეს. როგორც კრემლი მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, პუტინი და ტრამპი მიიჩნევენ, რომ „დადგა დრო, ჩვენმა ქვეყნებმა ერთად იმუშავონ“. პუტინმა ტრამპი მოსკოვში მიიწვია, ამერიკელმა ლიდერმა კი, დროის დაკონკრეტების გარეშე, თქვა, რომ პუტინს პირისპირ საუდის არაბეთში შეხვდება. მისივე განცხადებით, მოლაპარაკებები უკრაინის საკითხის მოგვარების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. „ყოველივე ამას პუტინი უყურებს, როგორც შესაძლებლობების ფანჯარას, რომელიც მან აუცილებლად უნდა გამოიყენოს და რაც შეიძლება მეტი მიიღოს“, - მიიჩნევს სტანოვაია.

თუმცა, რუსი პოლიტოლოგი სკეპტიკურად არის განწყობილი და ნაკლებად სჯერა, რომ მოლაპარაკებები, პუტინის „მკაცრი“ პოზიციიდან გამომდინარე, რაიმე რეალურ შედეგს გამოიღებს. „მას (პუტინს) პოზიცია არ შეუცვლია და კვლავ მიიჩნევს, რომ უკრაინა უნდა გახდეს რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყანა, მტკიცე გარანტიებით“, - დასძინა მან. კრემლის ლიდერი, რომელიც 25 წელი ხელისუფლებაშია, „სრულიად მზად არის“ იმისთვის, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს და უკრაინის „კაპიტულაციის“ მისაღწევად ძალისხმევა კვლავ განაგრძოს - ტრამპთან ერთად თუ მის გარეშე. „ტრამპი პუტინისთვის პანაცეა არ არის. თავის სამხედრო ლოგიკაზე დაყრდნობით, მას მიაჩნია, რომ უკრაინაში მიზნების მიღწევას ტრამპის გარეშეც შეძლებს“, - ამბობს სტანოვაია.

„რუსეთში ახლა დიდი ეიფორია და ბევრი ემოციაა“

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სამი წლის განმავლობაში ეუბნებოდა თავის ხალხს და მსოფლიოს, რომ დასავლეთთან კონტაქტები არ სჭირდებოდა, რუსი ოფიციალური პირები ამ სატელეფონო ზარის სიმბოლიზმით მაინც ტკბებიან. „ეს იმ წლების ანომალიას წარმოაჩენს, რომელიც ჩვენ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გავიარეთ“, - განაცხადა ხუთშაბათს, 13 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა. პუტინმა აღიარა, რომ კონფლიქტმა პირადად ის ასევე დააზარალა. „ეს სამი წელი სერიოზული გამოცდა იყო ყველა ჩვენგანისთვის და პირადად ჩემთვისაც“, - აღნიშნა 71 წლის პრეზიდენტმა დეკემბერში, როდესაც უკრაინის კონფლიქტზე ზოგადად ისაუბრა.

რუსი პოლიტიკური ექსპერტები ამბობენ, რომ პუტინს კვლავ სურს მაღალ პოლიტიკურ წრეებში დაბრუნება და ამერიკელ ლიდერთან მოლაპარაკების გამართვა. „რუსეთში ახლა დიდი ეიფორია და ბევრი ემოციაა, რადგან ისე ჩანს, რომ პუტინმა უკვე გაიმარჯვა, ტრამპმა ის პატივსაცემ პარტნიორად აღიარა, უკრაინამ კი წააგო“, - განუცხადა სააგენტო „ფრანს პრესს“ ანალიტიკოსმა კონსტანტინე კალაჩოვმა. თუმცა, სიფრთხილისკენ მოწოდებებიც გაისმის. „მოლაპარაკებები ჯერ მხოლოდ ახლა იწყება. ჩვენ არ ვიცით, როგორია ტრამპის გეგმა“, - აღნიშნა მან.

„როგორც კრემლი იმედოვნებს, ტრამპის დახმარებით დასავლეთი იმდენად შეიცვლება, რომ პუტინი მისთვის კვლავ გახდება მისაღები ფიგურა“, - დასძინა კალაჩოვმა. ტრამპმა თქვა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შეერთებული შტატებისა და სსრკ-ს ერთობლივი ძალისხმევის შესახებაც კი იყო მსჯელობა. ეს განცხადება ბადებს ვარაუდს, რომ ამერიკელი ლიდერი მოსკოვში 9 მაისს, შესაძლოა, ულტრაპატრიოტულ სამხედრო აღლუმს დაესწროს, რაც სხვა დასავლელი ლიდერისთვის, უკრაინაში რუსული კამპანიის ფონზე, ჯერ კიდევ წარმოუდგენელ პერსპექტივად გამოიყურება. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ტრამპი, ისევე როგორც სხვა დასავლელი ლიდერები, 9 მაისის ღონისძიებაზე სასურველი სტუმარი იქნება.

სტანოვაიას თქმით, მას „შეუძლია წარმოიდგინოს, რომ ტრამპი მოსკოვში ჩავა“, თუმცა, ამაზე საუბარი ნაადრევად მიაჩნია: „ეს შესაძლებელია მაშინ, თუ მოლაპარაკებებში გარღვევა მოხდება“.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი