06:58 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 10:29:17, 605 ნახვა

პოლიტიკა
ყურადღებით ვადევნებთ თვალს გვარამიას სასამართლო საქმეს - მიშელის კაბინეტი არასამთავრობოებს პასუხობს

ყურადღებით ვადევნებთ თვალს გვარამიას სასამართლო საქმეს, მათ შორის თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის მეშვეობით, - ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტი არასამთავრობოებისა და მედიასაშუალებების ერთობლივ წერილს პასუხობს.

როგორც შარლ მიშელის წერილში ვკითხულობთ, საქართველომ უნდა გაწიოს უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად.

"ძვირფასო სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია კომპანიების წარმომადგენლებო, მადლობას გიხდით 7 ნოემბრის ერთობლივი წერილისთვის, რომელშიც შეშფოთებას გამოხატავთ ბატონი ნიკა გვარამიას გასამართლების გამო.

ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბ-ნი გვარამიას სასამართლო საქმეს, მათ შორის თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის მეშვეობით.

ევროკავშირი არ აკეთებს კომენტარს ცალკეული სასამართლო საქმეების არსებით ნაწილზე, თუმცა აღვნიშნავთ, რომ დაისვა კითხვები, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან, სასამართლოს მსჯელობის შესახებ ბ-ნი გვარამიას საქმეში, როგორც განაჩენის გამოტანის, ასევე სასჯელის კუთხით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2 ნოემბრის განაჩენის გათვალისწინებით, ევროკავშირმა იმავე დღეს გამოსცა პრესსპიკერის განცხადება ბ-ნი გვარამიას საქმეზე.

ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფუნდამენტური უფლებები და სათანადო სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს დაცული გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილებებით, კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად. ევროკავშირმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ჩაერთონ სასამართლო სისტემის ინკლუზიურ და ყოვლისმომცველ რეფორმაში. ეს არის ასევე 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებისა და რამდენიმე ხნის წინ მიღებული ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ერთ-ერთი ქვაკუთხედი.

გარდა ამისა, ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც ხაზგასმულია კომისიის მოსაზრებაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ, არის, რომ საქართველომ უნდა გაწიოს უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეესაბამებოდეს უმაღლეს სამართლებრივი სტანდარტებს.

ევროკავშირი კვლავაც ყურადღებით დააკვირდება მოვლენებს და მართლმსაჯულების უფრო ფართო რეფორმას და მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა მნიშვნელოვან ძალისხმევას საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც შეესაბამება საქართველოს მოქალაქეების ევროპული მისწრაფებებს", - ვკითხულობთ წერილში.

გამოყენებულია "მთავარი არხის" თარგმანი. 

შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიასაშუალებებმა "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ერთობლივი წერილით მიმართეს. წერილის ავტორებმა შარლ მიშელს შუამდგომლობა სთხოვეს, რათა საქართველოს პრეზიდენტისთვის ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიემართა.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას საქმეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დარჩა.

მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics