12:59 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-31 18:07:20, 2005 ნახვა

Lifestyle
ადამიანები, რომლებიც 2021 წელს საქართველოსა და მსოფლიოს დააკლდნენ

კიდევ ერთი მძიმე წელიწადი მიიწურა. კორონავირუსის გავრცელებამ გარდაცვლილთა ყოველწლიური მაჩვენებელი ჩვეულებრივზე მეტად გაზარდა. დამაინც, თუ ვირუსს გადავურჩებით, ცხოვრებსეულ ჟამს, მაინც ვერაფერს დავაკლებთ. ადრე თუ გვიან იგი ყველას მოადგება. 2021 წელს გარდაცვლილთა შორის არიან ყველასათვის საყვარელი ადამიანები, სახეები, რომლებიც ყველასთვის ნაცნობია.

„ექსპრესნიუსმა“ ის ცნობილი ხალხი გაიხსენა, რომლებიც 2021 წელს გარდაიცვალნენ.

გელა ჩარკვიანი - ქართველი პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი.
გელა ჩარკვიანი 1939 წელს, თბილისში, საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერის კანდიდ ჩარკვიანისა და მისი ოფთალმოლოგი მეუღლის, თამარ ჯაოშვილის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. საბოლოოდ 1963 წელს დაამთავრა ჭავჭავაძის უცხო ენათა ინსტიტუტი. ჩარკვიანმა ასპირანტურა 1970 წელს, აშშ-ში, მიჩიგანის უნივერსიტეტში გაიარა. ჩარკვიანის თქმით, ამერიკაში გატარებულმა დრომ, მის მსოფლმხედველობაში ძირეული ცვლილებები მოახდინა. გელა ჩარკვიანი 2021 წლის 9 ნოემბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თემურ წიკლაური - ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ ივერიას წევრი, 1946 წლის 22 იანვარს კოჯორში დაიბადა. იგი 1967 წლიდან საქართველოს ფილარმონიის მსახიობია. 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი.მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“). 2014 წლის 23 იანვარს გაიხსნა თეიმურაზ წიკლაურის ვარსკვლავი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ.

კახი კავსაძე - 1935 წლის 5 ივნისს, თბილისში დაიბადა. მან 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან, არის საქართველოს სახალხო არტისტი (1981), ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი (1989). აღსანიშნავი თეატრალური როლებია: ადამი ( „ღვთაებრივი კომედია“ ), თავადი კოწია ( „გუშინდელნი“ ), დევდარიანი ( „საბრალდებო დასკვნა“ ), ილიკო ( „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ), სიმონ ჩაჩავა ( „კავკასიური ცარცის წრე“ ), ლორდ ჰასტინგსი ( „რიჩარდ III“ ), კენტი ( „მეფე ლირი“ ), რასპუტინი ( „კვაჭი კვაჭანტირაძე“ ), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“). იგი 85 წლის ასაკში, 2021 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა.

გურამ დოჩანაშვილი - 1939 წლის 26 მარტს, ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. გურამ დოჩანაშვილი იყო ავტორი ნაწარმოებების: „სამოსელი პირველი", „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", „ბრმადყოფილზე, და..." და სხვა... იგი 2021 წლის 3 აპრილს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზურაბ რთველიაშვილი - ქართველი პოეტი, მულტიმედია არტისტი და აქტივისტი 1967 წლის 16 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა. იგი 1987-1990 წლებში ეროვნულ მოძრაობაშიც მონაწილეობდა. დროთა განმავლობაში, პოეტური პერფორმანსებით დავით ჩიხლაძესთან, შოთა იათაშვილსა და სხვებთან ერთად გამოდიოდა. მიიღო ვარდების რევოლუციის საპროტესტო აქციებში მონაწილეობა და 2005 წლიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით გამოდიოდა. მომავალში არასამთავრობო ორგანიზაცია ​„თანასწორობის ინსტიტუტის“ ლიდერიც გახდა. 2010-დან 2020 წლამდე კი, პოლიტიკური დევნილის სტატუსით შვედეთში ცხოვრობდა. იგი აქვეყნებდა პოეტური კრებულებს, საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში მიმდინარე პოეტურ პერფორმანსებში იღებდა მონაწილეობას. მისი ლექსები ინგლისურ, ფრანგულ,  გერმანულ, ჰოლანდიურ, ნორვეგიულ, უკრაინულ, რუსულ, აზერბაიჯანულ, ირანულ და ბენგალურ ენებზეა თარგმნილი. ზურაბ რთველიაშვილი 2021 წლის 20 აპრილს, თბილისში გარდაიცვალა.

ერმალო მაღრაძე - რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ერმალო მაღრაძე, სამტრედიაში, 1943 წლის 14 დეკემბერს დაიბადა. 1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია ქართულ ფილმში, ჯერ რეჟისორის ასისტენდან, შემდეგ მეორე რეჟისორად. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი სცენარისტის სპეციალობით. 1992 წელს დაარსა ერმალოფილმი. 1995 წელს გამოდის მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი შვეციის პრინცი იმერეთიდან. ავტორია ფილმებისა „გზააბნეულნი“, „აპოკალიფსი არ იქნება“, „სიძე“, „თეა“. ხელოვანი 2021 წლის 13 ნოემბერს, 79 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

ანზორ ერქომაიშვილი - ბათუმში, 1940 წლის, 10 აგვისტოს დაიბადა. მუსიკოსი, ფოლკლორისტი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი ვოკალურ ანსამბლ „რუსთავს“ 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“, „შავი შაშვი ჩიოდა“. სახალხო არტისტი 2021 წლის 31 მარტს, 80 წლის ასაკში, კორონავირუსისგან გარდაიცვალა.

ამირან ქადეიშვილი - 1936 წლის 4 მარტს, ქ. ოზურგეთში დაიბადა. 1953-1985 წლებში, იგი ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და თეატრ „ძველი სახლის“ მსახიობი იყო. მან თეატრსა და კინოში არაერთი სახასიათო როლი შექმნა. მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული კი „ხირხალას“ როლით დაიმსახურა ფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“. მსახიობის მიერ შესრულებული როლებია: ნიკოია („სემირამიდას ბაღები“, ს. დოლიძე, 1970წ.), კვეგვე ტარბა („მთვარის მოტაცება“, თ. მელიავა, 1973წ.), კურა-მუჰამედი („ციმბირელი პაპა“, გ. კალატოზიშვილი, 1973), ჭოლა („პირველი მერცხალი“, ნ. მჭედლიძე, 1975წ.), ხირხალა („სიყვარული ყველას უნდა“, გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი უმც., 1980წ.) და სხვა. მონაწილეობდა ფილმებში: „კავკასიის ტყვე“ (გ. კალატოზიშვილი, 1978წ.), „როგორ ვიცხოვრო უშენოდ“ ( ყ. მგელაძე, 1980წ.), „თბილისი, პარიზი, თბილისი“ (ლ. აბაშიძე, 1980წ.), „ჟამი მოქცევის“ (ნ. ომიაძე, 1982წ.) და სხვა. ამირან ქადეიშვილს 2018 წელს, ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა კულტურის სამინისტროს ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“.  გამოჩენილი ხელოვანი 2021 წლის 6 ოქტომბერს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლევან ცუცქირიძე - 1926 წლის 12 იანვარს, ხაშურში დაიბადა. იგი ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატი, ფერმწერი, გრაფიკოსი და პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, პროფესორი, ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომის მფლობელი იყო. 1946 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლა დაიწყო. 1960 წელს სამხატვრო აკადემიის ასპირანტურა დაამთავრა. გასული საუკუნის 60-იან წლებში, ლევან ცუცქირიძემ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისთვის“ ილუსტრაციები შექმნა, რომელთა გამოყენებითაც პოემა გერმანიაში, გერმანულ ენაზე 2-ჯერ გამოიცა. მას ასევე, ისეთი ილუსტრაციები ეკუთვნის, როგორებიცაა იაკობ ცურტაველის („შუშანიკის წამება“), ვაჟა-ფშაველას („სტუმარ-მასპინძელი“, „გიგლია“, „გველისმჭამელი“ და სხვა), გალაკტიონ ტაბიძის, ალექსანდრე ყაზბეგის („ხევისბერი გოჩა“), გრიგოლ ორბელიანის („სადღეგრძელო“) თხზულებებისათვის. ლევან ცუცქირიძე 2021 წლის 17 ნოემბერს გარდაიცვალა.

ზურა დოიჯაშვილი - ქართული ესტრადის მომღერალი და მსახიობი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, ისრაელში გარდაიცვალა. მისი უკვდავი ჰიტი „მარტი“ უამრავმა ადამიანმა შეიყვარა. უნდა აღინიშნოს, რომ იგი მომღერალი თამარ ჭოხონელიძის მეუღლე იყო.

ჯემალ ჭკუასელი - სოფელ შემოქმედში, 1935 წლის 18 მაისს ცნობილი მომღერლის, შერმანდი ჭკუასელის ოჯახში დაიბადა. სწორედ მამამ აზიარა ჯემალ ჭკუასელი განუმეორებელი ქართული ფოლკლორის სიყვარულს. 1976 წლიდან ჯემალ ჭკუასელი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სოლისტ-მომღერალი იყო, ხოლო 1979 წელს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. 1986 წლიდან იმდროინდელი კულტურის მინისტრის - ვალერი ასათიანის ბრძანებით ჯემალ ჭკუასელი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა, 2015 წლიდან კი ის "ერისიონის" მთავარი დირიჟორი იყო. გამოჩენილი სახალხო არტისტი 2021 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

2021 წელს, ქართველ ცნობილ სასხეებთან ერთად უცხოელი ვარსკვლავებც გარდაიცვალნენ:

ლარი კინგი - იანვრის დასაწყისსი ჟურნალისტიკის ლეგენდა და ტელეწამყვანი, ლარი კინგი გარდაიცვალა.ლარი კინგი დაიბადა და გაიზარდა ბრუკლინში. 1957-1978 წლებში მუშაობდა მაიამიში (ფლორიდა), როგორც რადიოს დისკ-ჟოკეი, დებატების წამყვანი, შტატგარეშე მომუშავე ჟურნალისტი და მწერალი. 1978-1994 წლებში ის უძღვებოდა პოპულარულ რადიოდებატების შოუს „ლარი კინგის შოუ“ (ინგლ. The Larry King Show), 1985 წლიდან 2010 წლამდე კი — ამერიკული მასობრივი მედიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო გადაცემას „ლარი კინგის ეთერში“ (Larry King Live). 2012 წელს ლარი კინგმა განაახლა მოღვაწეობა ახალი შოუთი „ლარი კინგი ახლა“ (Larry King Now), რომლის პრემიერა ინტერნეტ-გვერდ „ჰულუზე“ (Hulu) შედგა, ხოლო 2013 წელს დააფუძნა პროგრამა „პოლიტიკა ლარი კინგთან ერთად“ (PoliticKING with Larry King). მისი მოღვაწეობის განმავლობაში ლარი კინგს ჩაწერილი აქვს 30 000-ზე მეტი ინტერვიუ ხელოვნებისა და სპორტის ვარსკვლავებთან, მსოფლიო პოლიტიკის ლიდერებთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან. ლარი კინგს ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში, მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმში, გაახმოვანა ანიმაციური ფილმები „შრეკი“ (2004, 2007, 2010) და „ფუტკრები“ (2007). გამოქვეყნებული აქვს ავტობიოგრაფიული ხასიათის „ჩემი შესანიშნავი მოგზაურობა“ (My Remarkable Journey, 2009). მიღებული აქვს ემის ჯილდო ახალი ამბებისა და დოკუმენტური გადაცემებისთვის (2011).

პრინცი ფილიპი -  საბერძნეთისა და დანიის ყოფილი პრინცი, ედინბურგის ჰერცოგი (ინგლ. the Duke of Edinburgh), გაერთიანებული სამეფოს პრინც-კონსორტი (ოფიციალურად არ არის), ელისაბედ II-ის მეუღლე. იყო საბერძნეთის მეფის გეორგ I-ის შვილიშვილი. 1947 წელს იქორწინა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრინცესა ელისაბედზე და აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აღმსარებლობა ანგლიკანური ეკლესიით შეცვალა. დედოფალ ელისაბედსა და ფილიპს ოთხი შვილი შეეძინათ - სამეფო ტახტის პირველი მემკვიდრე ჩარლზი (უელსის პრინცი), ანა (სამეფო პრინცესა), ენდრიუ (იორკის ჰერცოგი) და ედუარდი (უესექსის ერლი). გარდაიცვალა 2021 წლის 9 აპრილს, 99 წლის ასაკში. ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი 2021 წლის 17 აპრილს, უინძორის სასახლეში მდებარე წმიდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალეს. ცერემონიას, კოვიდ შეზღუდვების გამო მხოლოდ სამეფო ოჯახის 30 წევრი ესწრებოდა.

დეზმონდ ტუტუ - სამხრეთ აფრიკელი სასულიერო მოღვაწე და აქტივისტი, რომელმაც სახელი გაითქვა 1980-იან წლებში, როგორც აპართეიდის ოპონენტმა. ტუტუ პირველი შავკანიანი სამხრეთ აფრიკელი ანგლიკანური არქიეპისკოპოსი იყო კეიპტაუნში, სამხრეთ აფრიკაში. ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა 1984 წელს. კეიპტაუნის ანგლიკანი არქიეპისკოპოსი დეზმონდ ტუტუ 1931 წელს ქალაქ კლერკსდორფში დაიბადა. იგი აპარტეიდის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. მოგვიანებით მონაწილეობდა შერიგების პროცესშიც, რამაც ქვეყანა დემოკრატიამდე მიიყვანა. 1954-1957 წლებში იოჰანესბურგის უნივერსიტეტის პროფესორი იყო და დაკავებული თანამდებობა იმ მიზნით დატოვა, რომ შავკანიან ახალგაზრდებს განათლების მიღების უფლებას არ აძლევდნენ. 1960 წელს ინგლისში მღვდლად აკურთხეს, სადაც 1975 წლამდე მოღვაწეობდა. 1976 წელს ტუტუ სამშობლოში დაბრუნა და ლესოტოს ეპისკოპოსად აკურთხეს. იმავე წელს სოვეტოში მომხდარმა ხოცვა-ჟლეტამ დეზმონდ ტუტუს აპარტეიდის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობის სურვილი აღუძრა. ტუტუ გმობდა ძალადობას, მათ შორის აპარტეიდის წინაღმდეგ მებრძოლი ჯგუფების მხრიდან გამოვლენილ ძალადობასაც. 1984 წელს დეზმონდ ტუტუ მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. დეზმონდ ტუტუ სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ანგლიკანმა ეპისკოპოსმა რასისტული რეჟიმის კრიტიკისათვის ეკლესიის კათედრა გამოიყენა. აპარტეიდის რეჟიმის დაცემის შენდეგ დეზმონდ ტუტუ სათავეში ჩაუდგა შერიგებისა და სიმართლის დამდგენ კომისიას, ორგანიზაციას, რომელიც შურისძიების გამოვლინებების აღკვეთას ემსახურებოდა.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ევროკავშირის დაფინანსება საქართველოში გაუმჭვირვალეა
საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის შესახებ შეხვედრა გაიმართა
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
ბაზისბანკის მხარდაჭერით პანექსი საქართველოში პირველ პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics