14:33 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-14 18:48:34, 577 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა - ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა და ივანიშვილის ჩაგვრის, ღალატის კართაგენი აუცილებლად დაინგრევა!

თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, „მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ექს-პრეზიდენტის ციხიდან დაწერილი მიმართვა წაიკითხა.

მიხეილ სააკშვილი მიმართვაში მხარდამჭერებს მოუწოდებს, 30 ოქტომბერს მივიდნენ არჩევნების მეორე ტურში, რათა საბოლოოდ დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი.

მიხეილ სააკაშვილის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„მოგესალმებით სამარტოო საკნიდან ტელეეკრანის შემყურე, დარჩენილ სიცოცხლეს გავცვლიდი იმაში, რომ ახლა თქვენთან ერთად ვიყო. ჩვენ მრავალათას თანამემამულესთან, საიდანაც ერთი ხელის გაწვდენაზე ვარ, მაგრამ მაინც ვერ გიერთდებით, ვერ გიერთდებით, ჯერ. ჩემი უპირველესი ნატვრა და მთავარი სურვილია, ქართველებს ჰქონდეს სახელმწიფო, გამორჩეული თავისუფლებით და კეთილდღეობით, სამართლიანობით და დაცულობით. უძველეს ევროპელებს უნდა გვქონდეს ევროპული ქვეყანა, სხვა ევროპულ ქვეყნებში კი, დავდიოდეთ ტურისტებად, სასწავლებლად, ბიზნესის საკეთებლად, მაგრამ ყოველთვის უნდა ვბრუნდებოდეთ შინ, როგორც მე დავბრუნდი შინ. ჩვენს სამშობლოში უნდა ვბრუნდებოდეთ ყველა, რომლითაც ვიამაყებთ და სადაც ცხოვრება იქნება შესანიშნავი.

რატომ ვარ დღეს საქართველოში? მე აქ ვარ, რადგან ვერ ვიქნები ბედნიერი, თუნდაც ჩემთვის ძალიან ახლობელ უკრაინაში, ვერ ვიქნები სხვაგან, როცა ამდენ სისასტიკეს და უბედურებას ვხედავ ჩემს სამშობლოში. უემოციოდ ვერ ვუყურებ, მასობრივად როგორ გარბის ჩვენი ქვეყნიდან ხალხი და როგორ ცარიელდება საქართველო ნიჭიერი, მშრომელი, წესიერი ადამიანებისგან. ვერ ვიქნები ჩვენი სამშობლოს განადგურების გვერდიდან მაყურებელი, ამას სიკვდილით მირჩევნია. ამიტომაც ვარ აქ, აქ ვარ და მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, დავრცე და ამით ჩემი წვლილი შევიტანო რეჟიმის დამარცხებაში, ქართველი ხალხის ბრძოლაში სიღატაკის, კორუფციის, უსამართლობის, ნგრევის წინააღმდეგ. ქართველ ხალხთან ერთად წინ აღვუდგე ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც პუტინის რუსეთში მიათრევს ჩვენს სამშობლოს.

ყველამ ერთად არ უნდა დავუშვათ ეს და ყველამ ერთად, საქართველო უნდა დავაბრუნოთ დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, ვაქციოთ დემოკრატიის, რეფორმების და განვითარების შუქურად. ისტორიას ჩავაბაროთ ის სიბნელე, სიღატაკე, უსამართლობა და ნგრევა, რომელიც ივანიშვილის ოცნებამ მოიტანა. ამისთვის, ყველანი უნდა გავერთიანდეთ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ციხეში და თავისუფლებაზე მყოფნი. ახლა არანაირი ნიშნით დაყოფის დრო არ არის, არც პარტიული, არც რაიმე სხვა ნიშნით. საქართველოს გამოხსნის და გადარჩენის დროა და ამისთვის ყველაზე საჭიროა დღეს ერთიანობა.

მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს საზოგადოებას, ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება, მივუტევოთ ერთმანეთს. ამას ვწერ ციხის საკნიდან უკანონო პატიმარი, მაგრამ გარეთ პირველ რიგში ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებ.

კიდევ ერთი რევანში და შურისძიება მორალურად გაანადგურებს ჩვენს საზოგადოებას და საბოლოოდ დაანგრევს ჩვენს ქვეყანას, ჩვენ წინ დიდი ცვლილებები გველის, მაგრამ ამისთვის ყველანაირი წყენა უნდა დავივიწყოთ, გვერდზე გადავდოთ ჩვენი ნეგატიური ემოციების ტვირთი, რადგან ამის მოშორების გარეშე, ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ერთმანეთზე გაბოროტებულ საზოგადოებას არასდროს დაუყენებია პროგრესის გზაზე საკუთარი ქვეყანა, არასდროს შეუქმნია რამე ფასეული და ყოველთვის დამარცხებულა საკუთარ ბრაზთან და აგრესიასთან. ცივილიზებული ქვეყანა ვერ იქნება დაფუძნებული შუბლზე და თუ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე.

გვეყოფა მარცხი, ძირს ხელჩამოშვებულობა და ნიჰილიზმი. 30-ში ყველანი არჩევნებზე! დავიცვათ თითოეული ხმა და შემდეგ, ერთად ვიზეიმოთ ნიკა მელიას გამარჯვება თბილისში, ხატია დეკანოიძის გამარჯვება ქუთაისში, გიორგი კირთაძის გამარჯვება ბათუმში, ანზორ მელიას გამარჯვება ზუგდიდში, დავით კირკიტაძის გამარჯვება რუსთავში, გიგი უგულავას გამარჯვება ფოთში, კობა ნაყოფიას გამარჯვება სენაკში, გიორგი ბოტკოველის გამარჯვება თელავში, იოსებ ბუაძის გამარჯვება ხაშურში, ნიკოლოზ ახალკაცის გამარჯვება ქარელში, გიორგი რობაქიძის გამარჯვება ბაღდათში, ზაზა მეტრეველის გამარჯვება წყალტუბოში, თემურ ჯანაშიას გამარჯვება მარტვილში, ბესო შენგელიას გამარჯვება ხობში, გიორგი ხარჩილავას გამარჯვება წალენჯიხაში, ბადრი ქარჩავას გამარჯვება ჩხოროწყუში, მიშა ობოლაძის გამარჯვება ხელვაჩაურში და ჩვენი ყველას ერთად გამარჯვება საქართველოში!

ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა გადასადგმელი და ივანიშვილის რეჟიმი, ეს სიცრუის, ბოროტების, ჩაგვრის და ღალატის კართაგენი აუცილებლად დაინგრევა! ბნელი შეიცვლება ნათელით, ბოროტს სძლევს კეთილი, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი! აბა თქვენ იცით! თქვენი დიდი სიყვარულით და გამარჯვების ურყევი რწმენით!“, - აღნიშნულია მიმართვაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
კალაძე „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე - ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვას
კალაძე ოპოზიციაზე - იმის მაგივრად, ყველას მოუწოდონ, ჟურნალისტებს ხელი არ შეუშალონ სამუშაო პროცესში, მათ აბულინგებენ
სოფელ გეგელიძეებში, ახალი სოფლის სახლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics