2021-07-19 14:02:46, 737 ნახვა
საზოგადოება
ISFED - ალტ-ინფოს Facebook გვერდი სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების გამო წაიშალა
„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) აცხადებს, რომ Facebook-მა მათი შეტყობინების საფუძველზე წაშალა ორგანიზაცია ალტ-ინფოს გვერდი.
„ISFED-მა Facebook-ს მიმართა და ალტ-ინფოს მიერ მის პლატფორმაზე გაკეთებული სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისა და ძალადობრივი ჯგუფების მობილიზების შესახებ აცნობა.
Facebook-ის შესაბამისი განყოფილების გადაწყვეტილებით, ალტ-ინფომ Facebook-ის გამოყენების წესები და პოლიტიკა დაარღვია.
„სამართლიანი არჩევნები' აგრძელებს სოციალურ მედიაში გავრცელებული ძალადობის წამახალისებელი გზავნილების მონიტორინგს და სოციალური მედიის პლატფორმების ინფორმირებას“, - აღნიშნულია ISFED-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ალტ-ინფო მედიასაშუალებაა, რომელიც 5 ივლისს, მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ და ძალადობისკენ მოუწოდებდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან