00:19 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-23 17:34:26, 2741 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკის 8 თვიანი ვარდნა, მიზეზები, შედეგები და მოლოდინები

მსოფლიოში მიმდინარე კორონავირუსის პანდემიის გამო არაერთი ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე აღმოჩნდა. პანდემიის დაწყებიდან ეკონომისტები და სფეროს ექსპერტები საუბრობდნენ იმაზე, რომ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად გატარებული ზომები, გავლენას მოახდენდა ეკონომიკაზეც, ეფექტი კი მყისიერი არ იქნებოდა.

მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მისი გავრცელების შესაჩერებლად სხვადასხვა ღონისძიების ეტაპობრივი გატარება დაიწყო, ამან გარკვეული გავლენა მოახდინა ეკონომიკაზეც და იმ კომპონენტებზე, რომლებიც ეკონომიკის ზრდისთვის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია, მაგალითად ტურიზმი, სარესტორნე ბიზნესი და სხვა.

 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა, თებერვალში - 2.2 პროცენტი. მარტში საქართველოს ეკონომიკის კლებამ 2.7, აპრილში - 16.6, მაისში - 13.5, ივნისში - 7.7, ივლისში - 5.5, აგვისტოში კი 5.3 პროცენტი შეადგინა.


 

ეკონომისტი რამაზ აბესაძე საუბრობს იმ მიზეზებზე, რასაც შესაძლოა საქართველოში ეკონომიკის ვარდნა გამოეწვია. აბესაძის თქმით, დღევანდელი მდგომარეობის მიზეზი არა თვით ეკონომიკაში ან მის ცალკეულ სფეროში წარმოშობილი კრიზისი, არამედ მთავრობების მიერ განხორციელებული მკაცრი აკრძალვებია.

მისივე თქმით, აღნიშნულმა შეზღუდვებმა პანდემიური ეკონომკური შოკი გამოიწვია.

„ყოველივე ამან წარმოიშვა მრავალი ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემა, რომელთაც მიიღეს გლობალური ხასიათი. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში პანდემიის მასშტაბები დღესაც დიდია, მკაცრი შეზღუდვების დიდი ხნით გაგრძელება როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ ეკონომიკას კოლაფსამდე მიიყვანდა“, - განაცხადა აბესაძემ.

აბესაძე საუბრობს იმაზეც, რომ დაწესებულ შეზღუდვებს მოჰყვა ისეთი უარყოფითი შედეგები, როგორიცაა წარმოების, ტურიზმის, ექსპორტის, წმინდა ფულადი გზავნილების, უცხოური და შიდა ინვესტიციების შემცირება. შეზღუდვების მიუხედავად, მისი თქმით, ქვეყანაში 63 ათასზე მეტი ეკონომიკური სუბიექტი შეუფერხებლად მუშაობდა.

მანვე აღნიშნა, რომ ეკონომიკის გახსნის მიუხედავად 2020 წელში ეკონომიკურ ვარდნას აუცილებლად ექნება ადგილი.

„ექსპერტების  აზრით, ეკონომიკური ვარდნა არ უნდა აღემატებოდეს 5 პროცენტს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ციფრის ზუსტად დასახელება შეუძლებელია, ვინაიდან პანდემიის ხასიათისა და მისი მასშტაბების გამოცნობაც წინასწარ შეუძლებელია“, - აღნიშნა მან.

საქსტატის მონაცემებით, იანვარ-აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ეკონომიკა ვარდნას განიცდიდა. აღნიშნული, აბესაძის აზრით,  აისახება მოქალაქეების ყოველდღიურობაზეც. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ვარდნა გამოწვეულია პანდემიით,  დღეისათვის უკვე ჩამოყალიბდა წმინდა ეკონომიკური ხასიათის ნეგატიური პროცესები. მაგალითად ისეთები, როგორიცაა უმუშევრობა, სიღარიბის ზრდა, ინფლაცია, ვალუტის გაუფასურება, ეროვნული ადამიანური კაპიტალის, დანაზოგების, შიგა და  უცხოური ინვესტიციების, საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება და სხვა.

„ნაწილმა დაკარგა სამსახური, ნაწილს შეუმცირდა შემოსავლები, ლარის კურსის ვარდნის შედეგად, გართულდა კრედიტების გადახდა, განსაკუთრებით დაზარალდა საერთაშორისო ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანები, მნიშვნელოვნად დაზარალდა მცირე ბიზნესი, დაზარალდნენ კულტურისა შემოქმედებითი სფეროს ადამიანები. საერთოდ პანდემია შეეხო ყველა ადამიანს“, - დასძინა მან.

მსოფლიო ბანკში ავრცელებენ ევროპისა და აზიის ქვეყნების შესახებ ეკონომიკური ვარდნის წინასწარ პროგნოზს და აღნიშნავენ, რომ ზემოქმედება მწვავე იქნება არამარტო საჯარო და კერძო სექტორზე, არამედ სოციალური თვალსაზრისითაც. მაგალითად 2020 წელს საქართველოს დაახლოებით 160 000 მოქალაქე შეიძლება სიღარიბეში აღმოჩნდეს, ხოლო 400 000 ადამიანს შემოსავალი შეუმცირდეს.

ეკონომისტი რამაზ აბესაძის თქმით, გარკვეული ეკონომიკური მაჩვენებლები უმჯობესდება მას შემდეგ, რაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა (მაგალითად იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი, გზავნილები საზღვარგარეთიდან, წმინდა ექსპორტი), თუმცა არსებული სიტუაციის შემთხვევაში ეკონომიკის სრული აღდგენა ვერ მოხერხდება.

„მაგალითად შეუძლებელია სრულად აღდგეს საერთაშორისო ტურიზმი, საერთაშორისო სამგზავრო ფრენები და სხვა“, - აღნიშნა მან.

აბესაძემ ისაუბრა იმაზეც, თუ რა უნდა გაკეთდეს კრიზისიდან გამოსვლისთვის. მისი თქმით, საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს ადგილობრივი რესურსების გამოყენებას. განსაკუთრებული კი სოფლის ეკონომიკის განვითარებას, სადაც დიდი რეზერვებია ასათვისებელი.

„მომავალში როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში, კორონავირუსული პანდემიის გამოცდილებიდან გამომდინარე, ყურადღება უნდა გამახვილდეს მედიცინის, ბიოტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის სისტემების, სოფლის ეკონომიკის, ციფრული ეკონომიკისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე. ფართოდ უნდა დაინერგოს ონლაინ სწავლება, ონლაინ ვაჭრობა და დისტანციური საქმიანობა, რაც, გარდა ადამიანთა უსაფრთხოებისა, გამოიწვევს რესურსების მნიშვნელოვან  ეკონომიასა და დროის დანაზოგს“, - დაამატა მან.

რამაზ აბესაძე აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია მოვლენების ორი მიმართულებით განვითარება. იმ შემთხვევაში თუ მოკლევადიანი  სცენარით განვითარდება, ეკონომიკის აღდგენა შესაძლებელი იქნება მოკლე დროში.  გრძელვადიანი სცენარის დროს აუცილებელი გახდება ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერება პანდემიის პირობებში.

„საკმაოდ ხანგრძლივი პანდემიური შოკი  თანდათან ემსგავსება წმინდა ეკონომიკურ კრიზისს და პანდემიის დამთავრების შემდეგ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ისეთი ინსტრუმენტები კრიზისიდან გამოსვლისა, როგორიც გამოიყენებოდა  დიდი დეპრესიის, მეორე მსოფლიო ომისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ვარდნისა და  2009-2010 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისების დაძლევის დროს“, - აღნიშნავს ის.

ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, უკვე გამოაქვეყნებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, აღნიშნულ ქვეყნებს შორისაა საქართველოც. მაგალითად სსფ-ის განახლებული პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა  2020 წელს 5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი ასევე 5%-ით გაიზრდება, ხოლო 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5.5% იქნება.


 

ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, როგორც 2020-2025, ასევე, 2021-2025 წლებში, საქართველოს ევროპასა და რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება.

როგორც უკვე აღვნიშნე, მსგავსი წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა მსოფლიო ბანკმაც, რომლის პროგნოზითაც 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 6%-ით შემცირდება.

 „სავარაუდოდ, ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 4 პროცენტს მიაღწევს, რამდენადაც პანდემიასთან დაკავშირებული შოკები გაიფანტება  და ტურიზმი აღდგენას დაიწყებს მომხმარებლებისა და ბიზნესის თავდაჯერებულობის მატებასთან ერთად“, - აცხადებენ მსოფლიო ბანკში.

როგორც ვხედავთ, სხვადასხვა ორგანიზაციები განსხვავებულ პროგნოზს აქვეყნებენ. როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდანაც ჩანს, 2020 წელს მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის 6%-იან ვარდნას პროგნოზირებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი 5%-იანს ვარდნას. ჩვენი რესპოდენტი კი აცხადებს, რომ ჯერჯერობით რაიმე პროგნოზის გაკეთება ნაადრევია, რადგან ეკონომიკის აღდგენის პროცესი დამოკიდებულია მსოფლიოში კოვიდვითარებაზე და ამ ეტაპზე შეუძლებელია განისაზღვროს ის, თუ რა მდგომარეობა იქნება მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით.

დაბოლოს, ეკონომისტი რამაზ აბესაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ დღეისათვის გავრცელებული ინფორმაცია კორონავირუსის მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობის შესახებ, პანდემიის შედარებით მოკლე დროში დამარცხების იმედს იძლევა, რის შემდეგაც ეკონომიკური განვითარების ყველა შესაძლებლობა გაიხსნება.




ავტორი: ანი მელაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics