05:33 - 13 Jul, 2020
2020-06-30 17:35:19, 571 ნახვა

პოლიტიკა
პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის არჩევნებში რეგისტრაციის პროცესი გამარტივდა

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის მონაწილეობის წესი შეიცვალა. პარლამენტმა 2020 წლის 29 ივნისს მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უკვე ძალაშია.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განუცხადა.

აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომლის მხარდაჭერა საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 5 000 ამომრჩევლის ხელმოწერით, ნაცვლად ძველი რედაქციით გათვალისწინებული 25 000 ხელმოწერისა.

შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა და მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მისაღებად, პოლიტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) არაუგვიანეს მიმდინარე წლის 15 ივლისისა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ცვლილების თანახმად, მოქმედებს გამონაკლისი, რომლის შესაბამისად, პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობისათვის მხარდამჭერთა სიის ცესკოში წარდგენის ვალდებულებისაგან თავისუფლდება:

•             ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტია;

•             ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ერთ-ერთ არჩევნებში პროპორციული სისტემით 15 000 ხმა მაინც მიიღო;

•             აგრეთვე, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15 000 ხმა მაინც მიიღო.~

ამ დროისთვის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებას ახორციელებს ექვსი პოლიტიკური გაერთიანება. ცესკომ უკვე მიაწოდა ექვსივე პარტიას ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების შესახებ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გავრილოვის ღამიდან 1 წლის შემდეგ რუსთაველის გამზირზე აქცია იმართება












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics