2015-08-23 14:19:21, 637 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის აღდგენის სამუშაოს ახორციელებს
რუსეთი წლის ბოლომდე ოკუპირებულ აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის მოწესრიგებას გეგმავს. საუბარია ოჩამჩირიდან ენგურამდე სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენაზე. სარკინიგზო მაგისტრალის 33-კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი 90-იანი წლებიდან არ ფუნქციონირებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სარკინიგზო ჯარების 500–მდე მოსამსახურე და 50-ზე მეტი ერთეული სპეცტექნიკა ივლისის ბოლოს გაიგზავნა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ბულგაკოვის განცხადებით, სამუშაოები ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში ხორციელდება.
მისივე თქმით, ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში, რუსეთმა აფხაზეთში სარკინიზგო მაგისტრალის 50 კილომეტრიანი მონაკვეთი და 9 ხიდი 2008 წელსაც აღადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან