22:45 - 16 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-16 20:38:28, 339 ნახვა

პოლიტიკა
დანაშაულის არასრუწლოვნებთან ერთად ჩადენა, მასში მათი ჩაბმა დამამძიმებელი გარემოება იქნება

ივანიშვილის პარლამენტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებას. კანონპროექტის ინიციატორის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ცვლილება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების შესახებ კანონპროექტის თანმდევია. 

ცვლილების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლს, რომელიც სასჯელის დამამძიმებელ გარემოებებს ადგენს, ახალი პუნქტები ემატება. არასრულწლოვნის დანაშაულში ჩართვა, ან არასრულწლოვანთან ერთად დანაშაულში მონაწილეობა დამამძიმებელი გარემოებები იქნება. 

სსკ-ის 53-ე მუხლს, მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატება შემდეგი შინაარსის 2¹ ნაწილი:

2¹ - სრულწლოვნის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა ან სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატება შემდეგი შინაარსის 3¹ ნაწილი:

3¹ - ამ მუხლის 2¹ ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, ხოლო თუ არასრულწლოვანი თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას

მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:

4. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ
მუხლის პირველი, მე-2 ან 2¹ ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 და 3¹ გათვალისწინებული წესი.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, სასჯელის სხვა დამამძიმებელი გარემოებების მსგავსად, ახლად დამატებულდამამძიმებელ გარემოებებზეც განისაზღვრება, რომ სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.

განსაკუთრებით საყურადღებოა დანაშაულის ჩადენის შემთხვევები 14 წელს მიუღწეველი ბავშვის მეშვეობით ან/და მასთან ერთად. სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ 14 წლამდე პირი სრულყოფილად ვერ აცნობიერებს თავისი ქმედების ხასიათს და მის შესაძლო შედეგებს, შესაბამისად სახელმწიფოც უარს ამბობს მის ინდივიდუალურ-სამართლებრივ გაკიცხვაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი პირის მეშვეობით დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს ამსრულებლობის ერთ- ერთ სახეს - შუალობით ამსრულებლობას და ასეთ შემთხვევაში სწორედ ამ პირს ეკისრება პასუხისმგებლობა 14 წელს მიუღწეველი ბავშვის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის.

კანონმდებლობის აღნიშნული მიდგომა ეფექტიანია სამართლებრივი სიკეთეების ხელყოფისაგან დასაცავად, რადგან მართალია დანაშაული არ რჩება დაუსჯელი. თუმცა ამ მიდგომის პირობებში ხდება იმის უგულებელყოფა, რომ ცოცხალ იარაღად გამოყენებული ბავშვის მეშვეობით დანაშაულის ჩადენისას ხდება არა მხოლოდ იმ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა (საკუთრება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ა.შ.), რომლისკენაც მიმართული იყო დანაშაული, არამედ ცოცხალ იარაღად გამოყენებული ბავშვის ინტერესების დაზიანებაც. გარდა იმისა, რომ ასეთ დროს ხდება ბავშვის კრიმინალურ აქტივობაში ჩართვა და მისი საუკეთესო ინტერესების ხელყოფა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწევლობა (ბრალუუნარობა ასაკის გამო) ბავშვს თავიდან აცილებს მხოლოდ იურიდიული პასუხისმგებლობას, თუმცა ვერ იცავს მას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის თანმდევი საფრთხეებისაგან (დაზარალებულის მხრიდან აუცილებელი მოგერიების უფლების გამოყენება, დამცავი მოწყობილობებიდან მომდინარე საფრთხე, მაღალი რისკის შემცველი მოწყობილობებიდან მომდინარე საფრთხე და ა.შ.), რისი უგულებელყოფაც ვერ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან". - ნათქვამია განმარტებით ბარათში. 

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით 16 დეკემბერს, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მიიღეს.

ოცნების ახალი საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, "არასრულწლოვან პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართებითაც დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს და ამ ქმედების ჩადენამდე 14 წელი არ შესრულებიათ", სპეციალურ - კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ - კანონს მიიღებენ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსმა მასკისა და ვენსის შესახებ გაკეთებული განცხადებებით აჟიოტაჟი გამოიწვია
Politico-ს გამოკითხვა: უკრაინის მხარდაჭერა ევროკავშირსა და აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და კანადას შორის გაიყო
კანადამ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ოთხ ირანელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.
იუკნევიჩიენე: მზია ამაღლობელი იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ, ეს რეჟიმი რუსეთის მარიონეტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი