15:21 - 17 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-17 12:38:13, 862 ნახვა

პოლიტიკა
EU-ის დასკვნა გაფართოებაზე: მოვუწოდებთ ოცნებას, დააკმაყოფილოს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა Facebook-ის გვერდზე აქვეყნებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დასკვნებს საქართველოს გაფართოებასთან დაკავშირებით.

საბჭო კვლავ აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისადმი.

დოკუმენტში საუბარია უვიზო მიმოსვლაზეც და ნათქვამია, რომ საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ მეშვიდე ანგარიშის რეკომენდაციების შეუსრულებლობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეს რეკომენდაციები შეასრულოს და ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს.

დოკუმენტში საბჭო კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მომავლისკენ სწრაფვის მიმართ.

ამონარიდი საქართველოს შესახებ დოკუმენტიდან:

124. საბჭო კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მომავლისკენ სწრაფვის მიმართ.

125. საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისადმი. საბჭო აღნიშნავს სერიოზულ ზოგად უკუსვლას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში, მათ შორისაა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ძირგამომთხრელი რეპრესიული კანონმდებლობის მიღება, სასამართლო სისტემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, ოპოზიციის ლიდერების დევნა, საპროტესტო აქციებში მონაწილეების და ჟურნალისტების უსაფუძვლო დაპატიმრებები და სამოქალაქო სივრცის შევიწროვება.

126. საბჭო გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ დეზინფორმაციისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული ნარატივების გავრცელებას და ამ პრაქტიკის დასრულებისკენ მოუწოდებს.

127. საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს უკუსვლას ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან მიმართებაში, რომელთა შესრულების გათვალისწინებით ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა მანამ, სანამ ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება.

128. საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის, ევროკავშირის ელჩებისა და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წინააღმდეგ - როგორც პირველი ნაბიჯები ევროკავშირის გზაზე ჩართულობის განსაახლებლად.

129. საბჭო კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მტკიცედ ერთგული რჩება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის გზით.

130. საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ მეშვიდე ანგარიშის რეკომენდაციების შეუსრულებლობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეს რეკომენდაციები შეასრულოს და ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს.

131. საბჭო კვლავ აქვს მტკიცე მოლოდინი, რომ საქართველო გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) სრული თანხვედრის მიმართებაში, კერძოდ, თანხვედრით რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან, რომელიც მიღებულია როგორც უმთავრესი პრიორიტეტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიული ომის კონტექსტში. საბჭო ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, ევროკავშირის შემზღუდავი ზომების გვერდის ავლის თავიდან აცილებაში თანამშრომლობა გააგრძელოს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე EU-ის ანგარიშზე: პასუხისმგებლობის აღებაა კრიმინალზე, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე
ოცნებამ III მოსმენით დაუჭირა მხარი უცხოეთში ხმის მიცემის უფლების აკრძალვას
შალვა პაპუაშვილის თქმით, თეა წულუკიანის კომისიის ანგარიში წიგნად გამოსცეს
სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი