19:54 - 31 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-31 11:24:26, 816 ნახვა

პოლიტიკა
2025 წელი - პოლიტიკური პატიმრებით სავსე ციხეები

ქართულმა ოცნებამ ხალხის ლეგიტიმურ პროტესტს მასშტაბური, ბრუტალური საპოლიციო ძალა და რეპრესიები დაუპირისპირა. პარლამენტის წინ გამართულ მშვიდობიან აქციებზე ხელისუფლებამ ამ დრომდე პროტესტის 500-მდე მონაწილე დააკავა. მათი უმრავლესობა დაკავების დროს ან/და დაკავების შემდეგ დაექვემდებარა წამებასა და ღირსების შემლახავ ან არაადამიანურ მოპყრობას.

პროტესტის დაწყებიდან მალევე, ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა მიიღო რეპრესიული კანონების პაკეტი. მთელი რიგი ავტორიტარული შეზღუდვები დააწესა გამოხატვისა და შეკრების თვისუფლებაზე, შემოიღო პრევენციული დაკავების მექანიზმი და კატასტროფულად გაზარდა ჯარიმები მათ დარღვევაზე. დღემდე გრძელდება ასობით ადამიანის დევნა აქციაზე ყოფნის პოსტ-ფაქტუმ იდენტიფიცირებისა და დასჯის გზით. აქციაზე დგომას შსს გზის უკანონო გადაკეტვად აფასებს და რიგით ადამიანებს მინიმუმ 5000 ლარით აჯარიმებს.

საპროტესტო აქციებზე ხელისუფლებამ პროტესტის 50-მდე მონაწილე სისხლის სამართლის წესით დააკავა. დაკავებულებს პროკურატურა ედავება ისეთი დანაშაულების ჩადენას, როგორიცაა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება/მასში მონაწილეობა, ნივთის დაზიანება, პოლიციელზე თავდასხმა, ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვა, ძალადობა და დევნა. 

საქართველოს პროკურატურამ  ზემოთ ხსენებული ყველა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.  სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობები და ყველა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა. პატიმრობაში რჩებიან 2024 წლის აპრილ-მაისში გამართულ საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული აქტივისტებიც. წინასწარ პატიმრობაში რჩება მედიების, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, მზია ამაღლობელიც. მზია არსებულ უსამართლობას აპროტესტებს და შიმშილობს.

მნიშვნელოვანია, რომ ამ დრომდე ქართული ოცნებისთვის  დასავლური ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას არ მიულოცავს არჩევნებში გამარჯვება. რიგი ქვეყნების ხელისუფლებები ქართულ ოცნებას თვითაღიარებულ ხელისუფლებას უწოდებენ, რაც როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე ხელისუფლების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.   უფრო მეტიც, დიდმა ბრიტანეთმა, ბალტიის ქვეყნებმა, გერმანიამ, ჩეხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სხვადასხვა საფუძვლით, მათ შორის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დარღვევებისა და საქართველოში რუსული ინტერესების გატარებისთვის როგორც ქართული ოცნების დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, ასევე ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირებს, მოსამართლეებსა და პარლამენტის წევრებს სანქციები დაუწესეს.

რეჟიმის მიერ დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება. 

ფაქტია, ქართული ოცნება, საქართველოში ამყარებს რა ავტორიტარულ, საპოლიციო რეჟიმს, რეპრესიებს, მართლმსაჯულებას და დაკავებებს, პოლიტიკური მოტივითა და ნიშნით, პროტესტის მონაწილეთა დასჯისთვის იყენებს. ის ცდილობს რეპრესიებით მოგუდოს საპროტესტო ტალღა ქვეყანაში. 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა აქტიურად სწავლობს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებს, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ჭრილში. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული 1900(2012) რეზოლუცია განსაზვრავს პოლიტიკური პატიმრის დეფინიციას და შესაბამის სამართლებრივ კრიტერიუმებს. –

„საპარლამენტო ასამბლეა აცხადებს, რომ პირი, რომელსაც აღკვეთილი აქვს თავისუფლება, მიიჩნევა „პოლიტიკურ პატიმრად“: 

a. თუ პატიმრობა შეეფარდა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და მის ოქმებში მითითებული ერთ-ერთი ფუნდამენტური გარანტიის, კერძოდ, რწმენის, აღმსარებლობისა და რელიგიის თავისუფლების, ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევით; 

b. თუ პატიმრობა შეეფარდა წმინდა პოლიტიკური მიზნების გამო, რომელსაც არ აქვს კავშირი რაიმე სამართალდარღვევასთან; 

c. თუ, პოლიტიკური მოტივების გამო, პატიმრობის ხანგრძლივობა ან პირობები აშკარად არაპროპორციულია იმ სამართალდარღვევასთან, რომლის ჩადენაშიც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი ან ეჭვმიტანილია; 

d. თუ, პოლიტიკური მოტივების გამო, იგი დაპატიმრებულია დისკრიმინაციულად სხვა პირებთან შედარებით; ან 

e. თუ პატიმრობა არის იმ სამართალწარმოების შედეგი, რომელიც აშკარად უსამართლო იყო და ჩანს, რომ უკავშირდება სახელისუფლებო ორგანოების პოლიტიკურ მოტივებს.“

რეზოლუციის თანახმად პირი, რომელსაც აღუკვეთეს პირადი თავისუფლება, უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად თუ მის საქმეში კმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი წინაპირობა მაინც. 

ანდრო ჭიჭინაძის საქმე

ონისე ცხადაძის საქმე

ჯანო არჩაიას საქმე

გურამ მირცხულავას საქმე

ლუკა ჯაბუას საქმე

ვალერი თეთრაშვილის საქმე

გიორგი ტერიშვილის საქმე

ირაკლი ქერაშვილის საქმე

რევაზ კიკნაძის საქმე

სასახლის ღობის საქმე

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს თბილისში გაიმართა აქცია „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“. თავისუფლების მოედანზე შეკრებილთა ნაწილმა მოგვიანებით გადაინაცვლა ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც საორგანიზაციო კომიტეტის წევრ მურთაზ ზოდელავას თანახმად, „ჩაიბარებდნენ" „პრეზიდენტის სასახლის გასაღებს“.

დემონსტრანტების ნაწილმა რკინის ღობე გაარღვია და შევიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში, საიდანაც საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის იყო დაპირისპირება. აქციის დასაშლელად სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

პოლიციამ იმავე ღამით დააკავა აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: მოძრაობა „რუსთაველის გამზირის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე, ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.

54 ბრალდებულიდან 50 პატიმრობაში რჩება. ერთი მიმალვაშია, დანარჩენ 3-ს კი თავიდნვე აღკვეთი ღონისძიების სახედ, გირაო ჰქონდა შეფარდებული.

საქმეებს რამდენიმე მოსამართლე განიხილავდა. მაგალითაც საპროტესტო აქციის 13 მონაწილის საქმე მოსამართლე ნატო ხუჯაძემ განიხლა. მან პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა და 13-ვე პატიმრობაში დატოვა. სამ მათგანს ბრალდება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდებასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. დანარჩენ 10-ს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. საქმის პროკურორი დღევანდელ პროცეზე ამტკიცებდა, რომ ბრალდებულების გათავისუფლების შემთხვევაში, არსებობდა მათი მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. ადვოკატებმა კი სასამართლოს ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენება შესთავაზეს – გათავისუფლება ან გირაო.

მძიმე სატატისტიკა

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, საქართველოში პატიმრების საერთო რაოდენობა უახლოვდება საპატიმრო დაწესებულებებში პატიმრების ადგილების რაოდენობის ზედა ზღვარს.

პენიტენციური სისტემის 14 დაწესებულებაში სულ 12 332 პატიმრის ადგილია - მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე პატიმართა რაოდენობა, აგვისტოში ქსანში, მე-15 დაწესებულებაში, დასაშვებზე 251-ით მეტი პატიმარი იჯდა, ქუთაისში - 111-ით, გლდანში - 418-ით. პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ კონკრეტულ ციხეებში განსაზღვრულზე მეტი რაოდენობის პატიმრების განთავსება მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების გარეშე შესაძლებელია.

ათი ათას პატიმარზე მეტი საქართველოს 2024 წლამდე, 2015 წლის შემდეგ აღარ ჰყოლია.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები სასამართლოსა და პროკურატურაზე.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, "საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობა ინფორმირებულია მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ზოგადი პრობლემების შესახებ და ამავდროულად, სისტემური ხარვეზების სწორი აღქმა გააჩნია".

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 47% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, ე.წ კლანი არსებობს. ამ აზრს 17% ეწინააღმდეგება, ხოლო 36%-ს პასუხი არ აქვს.

მათგან, ვინც კლანის არებობას ეთანხმება, 84% თვლის, რომ მოქმედი ხელისუფლების წევრები კლანს მხარს უჭერენ, 88% კი ფიქრობს, რომ კლანმა სასამართლო სისტემა უნდა დატოვოს.

რაც შეეხება სასამართლოსა და პროკურატურის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, გამოკითხულთა 48%-ის აზრით, საქართველოში გავრცელებულია პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაპატიმრება. 38% მიიჩნევს, რომ ეს ასე არაა.

ამასთან, გამოკითხულთა 72% პროცენტი თვლის, რომ პროკურატურა და შსს მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება. სუს-ზე იგივეს 69% ფიქრობს.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისინი ვინც სამყაროს 2025 წელს დააკლდა
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
ოცნების აღვირახსნილი კორუფცია და თავისუფლებაზემყოფი ბიუჯეტის ქურდები
გაზრდილი მშპ და კატასტროფული ინფლაცია - ეკონომიკის მადგომარეობა 2025 წელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი