02:39 - 18 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-17 20:09:47, 3085 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენი: შეუტყობინებლობა იმთავითვე არ უნდა იწვევდეს შეკრების უკანონოდ მიჩნევას

საქართველოს სახალხო დამცველი 16 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეების მისამართით, შსს-ს წარმომადგენელების მხრიდან გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შსს-მ "შეკრების უფლებაში ჩარევისას უნდა იხელმძღვანელოს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრი მოთხოვნებით".

ომბუდსმენის განცხადებით, ახალი კანონის აღსრულება არ უნდა მოხდეს ისე, რომ წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებამ პრაქტიკაში შეკრების გამართვის შესაძლებლობა ნებართვის მიღებას დაუქვემდებაროს. იოსელიანი აღნიშნავს, რომ ეს პირდაპირაა აკრძალული საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით.

"როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი 2025 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პარლამენტთან შეკრებილ პირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აცნობა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც შეკრება, მათ შორის, ხალხის სავალ ადგილას იმართება და მათ მოძრაობას აფერხებს, საჭიროა სამინისტროს სათანადო წესით, 5 დღით ადრე გაფრთხილება. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, მსგავსი გაფრთხილების წარდგენის შემდეგ, შეკრების მსურველები უნდა დაელოდონ სამინისტროს პასუხს და შესაბამის მითითებებს, აღნიშნული პროცედურის დაუცველობის შემთხვევაში კი, შეკრება ჩაითვლება კანონდარღვევად და მისი მონაწილეების მიმართ გატარებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში 10 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, შეკრების ჩატარების შესახებ წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება გავრცელდა იმ შემთხვევებზეც, როდესაც შეკრება იმართება „ხალხის სავალ ადგილას“ ან „ხალხის მოძრაობას აფერხებს“. საყურადღებოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭა უფლებამოსილება, გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში განიხილოს შეკრების ჩატარების ადგილის ან/და დროის, სვლაგეზის მიზანშეწონილობის საკითხი და გასცეს სავალდებულო მითითება, თუ ეს შეკრება, მათ შორის, საფრთხეს უქმნის ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას.

გაფრთხილების ზემოხსენებული პროცედურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული მითითებების დაუცველობისთვის, აგრეთვე ხალხის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული იქნა მკაცრი სანქციები, რაც, კანონით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევების გარდა, შეკრების მონაწილეების და ორგანიზატორების ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებას გულისხმობს. ამავე დროს მითითებების მიცემის და უფლებაში ჩარევის საფუძვლები საკმაოდ ფართო განმარტებების შესაძლებლობას იძლევა.

მსგავსი არამკაფიო საკანონმდებლო დათქმების პირობებში საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეკრების უფლებაში ჩარევისას უნდა იხელმძღვანელოს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრი მოთხოვნებით. მნიშვნელოვანია, სამინისტრომ არ შეზღუდოს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებები მაშინ, როდესაც ქვეითთათვის შექმნილი დისკომფორტი, გადაადგილების ალტერნატიული მარშრუტების, შეკრების მონაწილეთა რაოდენობის და შეკრების ფორმის გათვალისწინებით, არ აღწევს სერიოზულობის საკმარისად ხარისხს. მსგავსი უფლებრივი სტანდარტის მხედველობაში მიღებით, სახალხო დამცველისთვის არ არის მკაფიოდ განჭვრეტადი რა შემთხვევაში შეიძლება ტროტუარზე პროტესტის გამოხატვამ უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი შექმნას, მით უფრო, როდესაც უფლებით სარგებლობა, როგორც წესი, ამ ფორმით დროის მცირე მონაკვეთში ხორციელდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფართოდ ფორმულირებული საკანონმდებლო დანაწესების აღსრულება არ უნდა მოხდეს იმგვარად, რომ წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებამ პრაქტიკაში შეკრების გამართვის შესაძლებლობა ნებართვის მიღებას დაუქვემდებაროს, რაც პირდაპირაა აკრძალული საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით.

ამ თვალსაზრისით, სახალხო დამცველი მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომაზე, რომლის თანახმად, არ შეიძლება, წინასწარი გაფრთხილების ვალდებულების დამდგენი რეგულაციები იქცეს ფარულ წინაღობად შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებული შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპებში აღნიშნულია, რომ ასეთი ნორმის აღსრულება არ უნდა წარმოადგენდეს თვითმიზანს. სხვაგვარად, შეტყობინების განუხორციელებლობა იმთავითვე არ უნდა იწვევდეს შეკრების უკანონოდ მიჩნევას, მისი მონაწილეების უფლებაში ჩარევას ან მის დაშლას.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ შეკრება, მისი ძირითადი ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, იწვევდეს ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეულ შეფერხებას, თუმცა მსგავსი შეფერხება ხელისუფლებამ უნდა დაუშვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამით მომეტებულად ზიანდება შემხვედრი ინტერესი". - ნათქვამია ობმუდსმენის განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქაშვეთის მიმდებარედ პოლიციამ აქციის მონაწილე დააკავა - ვიდეო
ფეხით მიმავალ დედა-შვილს მანქანა დაეჯახა, ქალი გარდაიცვალა
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის 600 მილიონი ფუნტის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის დეტალები გაამხილა
Bloomberg: ერდოღანმა პუტინს აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად S-400 რაკეტების უკან წაღება სთხოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი