2017-05-31 15:52:44, 930 ნახვა
სამხედრო
ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ქართველი სამხედროები არ არიან
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქაბულში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ქართველი სამხედროები არ არიან.
„დღეს, დილით 08:23 საათზე, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, საწვავმზიდი აფეთქდა, რომელშიც დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა. შემთხვევა ქაბულში, ე.წ. საელჩოების დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი, გერმანიის საელჩოს მახლობლად მოხდა. აფეთქების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურეები რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და მომხდარის შედეგად ისინი არ დაშავებულან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან