2015-09-28 20:11:51, 760 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 7 ვაკანსიაზე მოსამართლის დანიშვნა კონკურსის გარეშე მოხდება
იუსტიციის საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 7 ვაკანსიაზე მოსამართლის დანიშვნა, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 37-ე მუხლით მოხდება, რაც მოსამართლეთა კონკურსის გარეშე დანიშვნას ითვალისწინებს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება 7 ვაკანსიაზე, რომ მოსაამართლეების დანიშვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 37-ე მუხლით მოხდება, რაც ნიშნავს კონკურსის გარეშე გადაყვანას. ამ დღეებში შეიკრიბება იუსტიციის უმაღლესი საბჭო და გამოცხადდება კონკურსი იმ ვაკანტურ თანამდებობებზე, რომლებიც დარჩა. მინდა აღვნიშნო, რომ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება იმ 7 ვაკანსიაზე, რომელზეც მოსამართლეები 4 წლის განმავლობაში დანიშნული არ იყვნენ. ვადაგასულ მოსამართლეებს თავისუფლად ექნებათ იმ ვაკანსიებზე მიიღონ მონაწილეობა, რა ვაკანსიებზეც ისინი მუშაობდნენ.ამ გადაწყვეტილებით, აპელაციას წავეშველებით, რომელსაც აქვს მძიმე მდგომარეობა, რადგან კონკურსის შედეგად არ ინიშნება აპელაციაში მოსამართლეები. ამიტომ, ჩვენ გადავიყვანთ რამდენიმე მოსამართლეს, რაზეც შეჯერდა საბჭო.უახლოეს დღეებში მოსამართლეთა დარჩენილ ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოცხადდება“,-განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მისივე განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში 7 მოსამართლის დანიშვნა, პირადი ინტერესის გატარება არაა.
„თუ მოსამართლე 5-6 წელია მუშაობს, რატომ არ შეიძლება საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება და ეს მოსამართლე დააწინაუროს?! რა შუაშია პირადი ინტერესი?! 10 ხმით ვიღებთ გადაწყვეტილებას, რეალურად ფარული კენჭისყრით. ასევე შემიძლია ვისაუბრო კონკურსზეც.შეიძლება კონკურსი გაჭიანურდეს 2 თვე და ამის გაკთება შეიძლება 10 დღეში. ის 7 მოსამართლე შეიძლბა წაეშველოს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს და შემდეგ გამოცხადდება კონკურსები“,-განაცხდა ლევან მურუსიძემ და აქვე დასძინა, რომ საბჭოს წევრებს მოსამართლეები დისკრიმინაციის ქვეშ არ დაუყენებია.
„ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, კონკურსი ტარდება იმ კანდიდატებზე, ვინც არ არიან მოსამართლეები. მათ შემოაქვთ და აქვთ უფლება, დაიკავონ ვაკანტური ადგილი სასამართლო სისტემაში. რაც შეეხება 37-ე მუხლს, ეს ეხება მოქმედ მოსამართლეებს, რომლის მიმართაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათი მოღვაწეობა არა პირველ ინსტანციაში, არამედ აპელაციაში გაგრძელდება“,-აღნიშნა ლევან მურუსიძემ.
ცნობისთვის, სასამართლო სისტემაში სულ 68 ვაკანტური ადგილი იყო, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლოში 7 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი აღარ გამოცხადდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან