2015-04-04 10:16:51, 613 ნახვა
სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული ბადრი დ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ტყიბულში დააკავეს.
„სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „კალაშნიკოვი“-ს სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღის 528 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან