23:12 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 10:49:51, 670 ნახვა

საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს

 

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. 

საპატრიარქოს ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სადღესასწაულო ლოცვას დღეს საღამოს, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მართავს.

მსახურების დროს ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარს გამოაბრძანებენ და მორწმუნეებს ამ სიწმინდის მოლოცვის შესაძლებლობა ექნებათ. ლოცვის დასრულების შემდეგ კი პატრიარქი  სადღესასწაულო საღმთო ლიტურგიის გამართვის ადგილს გამოაცხადებს.

წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა, ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. წმიდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი. ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ. წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1(19) ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს - გარდაცვალება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics