|
2026-04-05 12:48:26, 494 ნახვა
სამართალი
შსს: აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა ქვეყნიდან, დაუწესდა აქ შემოსვლის 3-წლიანი აკრძალვა
ივანიშვილის შინაგან საქმეთა სამინსტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე აფგან სადიგოვი სასამართლოს გადაწყვეტილებით, "სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის", ქვეყნიდან გააძევეს. სადიგოვს შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით. შსს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, "ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა". შსს-ს თქმით, შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები. ამასთან ერთად, უწყება ასევე წერს, რომ "სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, გათვალისწინებულ იქნა აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ინფორმაცია აფგან სადიგოვის შესახებ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით". "შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ადმინისტრაციული წესით, დაკავებულ იქნა აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვი, რომელიც სასამართლოს წინაშე შესაბამისი ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში წარდგა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის. კერძოდ, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით. სასამართლომ გაითვალისწინა შს სამინისტროს წარმომადგენლების პოზიცია და მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ აღნიშნული პირი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა. გარდა ამისა, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, გათვალისწინებულ იქნა აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ინფორმაცია აფგან სადიგოვის შესახებ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით. დამატებით, საზოგადოების ინფორმირებისა და სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით, განვმარტავთ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა ბოლო წლების განმავლობაში ითხოვდა მათ მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი აფგან სადიგოვის ექსტრადირებას. იმის გამო, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დაეკისრა დროებითი ღონისძიება, არ გადაეცა აფგან სადიგოვი აზერბაიჯანისათვის, ბუნებრივია ქართული მხარე უარს აცხადებდა ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე აღნიშნული პირის ექსტრადიციაზე. ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები. ამავდროულად, სადიგოვმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეეფარდა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირს. შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა. საქართველოში სრულად არის დაცული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ამავდროულად, სახელმწიფო მკაცრად იცავს ბალანსს ინდივიდუალურ უფლებებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს შორის. კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი და სამართალდამრღვევი პირები დაექვემდებარებიან კანონით განსაზღვრულ იმ ზომებს, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია კანონის უზენაესობის პრინციპთან". - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)