2016-07-13 22:43:39, 918 ნახვა
Lifestyle
„თბილისის სოლიდარობის ქსელი“ „გირჩის“ საარჩევნო რეკლამაზე: ეს ვიდეო მიმართულია პენსიონერების დემონიზებისკენ
"ეს ვიდეო მიმართულია პენსიონერების დემონიზებისკენ" - ასე გამოეხმაურა "თბილისის სოლიდარობის ქსელი" "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" საარჩევნო რეკლემას.
მათი განცხადებით, ვიდეო იმ პენსიონერების დემონიზებისკენაა მიმართული, რომლებიც ყოველ თვე იღებენ 160 ლარს და ხშირად ეხმარებიან თავიანთ შვილიშვილებს, რომლებიც სწორედ ეს ახალგაზრდები არიან.
„მაშინ როდესაც "გირჩი" ცდილობს ახალგაზრდების პენსიონერებთან დაპირისპირებას, ჩვენ გამოვდივართ თაობათაშორისი სოლიდარობით. ეს არის „თბილისის სოლიდარობის ქსელი“ რომელშიც პოლიტიკურად და სოციალურად აქტიური ახალგაზრდები დაუღალავად ვშრომობთ ადამიანების შრომითი პირობებისა და ხელფასების სიტემის გაუმჯობესებაზე ახალგაზრდებისა და სტუდენტებისთვის. ამავდროულად, ვმუშაობთ ჩვენს ხანდაზმულ თანამოქალაქეებთანაც. ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ერთ უბანსა, თუ კორპუსში მცხოვრებ ადამიანებთან ვაწყობთ შეხვედრებს და დისკუსიებს პენსიების საკითხზე, რადგან გვწამს, რომ ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებს საერთო ინტერესები გაგვაჩნია.
საქართველოში პენსიები კატასტროფულად დაბალია და პენსიონერები თავიანთი ოჯახის წევრების დახმარებითაც კი ძლივს იტანენ თავს. ჩვენ უკან არ დავიხევთ მათთვის საპენსიო სისტემის გაუმჯობესების საკითხში.
ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი NPC - Girchi-ს მიერ გავრცელებული ვიდეო, რომელიც წესით უნდა მიემართოს ახალგაზრდებს მათ გასააქტიურებლად, თუმცა, სინამდვილეში ეს ვიდეო მიმართულია პენსიონერების დემონიზებისკენ. იმ პენსიორების, რომლებიც ყოველ თვე იღებენ 160 ლარს და ხშირად ეხმარებიან თავიანთ შვილიშვილებს, რომლებიც სწორედ ეს ახალგაზრდები არიან.
მიგვაჩნია რომ მხოლოდ ახალგაზრდების უკეთესად ყოფნა არაფრის მომცემია, პირიქით, ყველასთვის სასარგებლო ყველა თაობის წარმომადგენლის ღირსეული და სოლიდარული თანაცხოვრებაა და მაშინ როდესაც "გირჩი" ცდილობს ახალგაზრდების პენსიონერებთან დაპირისპირებას, ჩვენ გამოვდივართ თაობათაშორისი სოლიდარობით!“ - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან