2017-04-20 15:12:42, 1936 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჩუგოშვილი: პრეზიდენტის განცხადება ობიექტური შემფასებლის მოსაზრებებში არ ჯდება
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადება ობიექტური შემფასებლის მოსაზრებებში არ ჯდება.
ჩუგოშვილის თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა სრულიად ნორმალურია და ეს საფრთხეს არაფერს არ უქმნის.
„ასეთი რესპუბლიკები ყველაზე დემოკრატიულები არიან. შესაბამისად, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის და შემფასებლისთვის პრეზიდენტის ეს განცხადება არასწორი იქნებოდა. ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ მზად ვართ, პრეზიდენტის პირდაპირი არჩვნების ჩატარება ერთი ვადით მოხდეს, ხოლო შემდეგ - არაპირდაპირი წესით. გარდამავალ მუხლში ჯერ კიდევ გველოდება ცვლილებების შეტანა“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის ახალი ვერსიით, ხალხის ნათლად გამოხატული ნება, აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი, უგულებელყოფილია და არა მოქალაქეები აირჩევენ პრეზიდენტს, არამედ გარკვეული სხვა წესით 300 ე.წ. ხმოსანი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან