03:02 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 09:22:19, 1250 ნახვა

მსოფლიო
"ისლამურმა სახელმწიფომ" თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება დაადასტურა

"ისლამურმა სახელმწიფომ" თავისი საველე მეთაურის, პანკისელი თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება დაადასტურა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებული სააგენტო Amaq-ი ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, ბათირაშვილი ერაყში, მოსულიდან სამხრეთით, ქალაქ შირკატთან მოკლეს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოთარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ-შიშანის გარდაცვალების თარიღს არ აკონკრეტებს. Amaq-ი აღნიშნავს, რომ ის მოსულისთვის ბრძოლაში დაიღუპა, რაც ამერიკელი სამხედროების ინფორმაციას ეწინააღმდეგება. პენტაგონმა ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციის შესახებ ჯერ კიდევ მარტში განაცხადა. აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, თარხან ბათირაშვილი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ამერიკული ავიაციის საჰაერო დარტყმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან დაიღუპა.

ცნობისთვის,1986 წელს პანკისის ხეობაში დაბადებული თარხან ბათირაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა. კონფლიქტის შემდეგ ის საქართველოში იარაღის უკანონო შენახვისთვის გაასამართლეს. 16-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ალ-შიშანი 2012 წელს თურქეთში წავიდა და სირიასა და ერაყში საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო.

ბათირაშვილი "ისლამურ სახელმწიფოში" რამდენიმე ე.წ. თანამდებობას იკავებდა, მათ შორის "ომის მინისტრის" პოსტს.

შეგახსენებთ, რომ აბუ ომარ ალ-შიშანი აშშ-ის მიერ ძებნილ პირთა სიაში მოწინავე ადგილას იყო. მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ვაშინგტონს 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო ჰქონდა დაწესებული. ალ-შიშანი “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის აბუ ბაქარ ალ-ბაღდადის მთავარ მრჩეველად ითვლებოდა.

პანკისელი ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციის შესახებ ცნობები მედიაში არაერთხელ გავრცელებულა. გასული წლის დეკემბერში კი რუსული მედია იტყობინებოდა, რომ ამერიკელმა სპეცრაზმელებმა თარხან ბათირაშვილი ერაყის ქალაქ კირკუკში დააკავეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics