15:02 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 13:55:13, 349 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში ვიზიტით ნატოს შემფასებელთა ჯგუფი იმყოფება

საქართველოში ვიზიტით ნატოს შემფასებელთა ჯგუფი იმყოფება.

დელეგაციის ვიზიტის მიზანი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურის შეფასებაა.

შეფასების შედეგად, ნატოს ექსპერტები კონკრეტულ მოთხოვნებს განსაზღვრავენ და პროექტის წარმატებით განსახორციელებლად დეტალურ ღონისძიებებს გაწერენ. ნატოს შემფასებელთა ჯგუფს ნორვეგიის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ლატვიელი, ლიტველი, დანიელი და გერმანელი ოფიცრები. პროექტის ინტენსიურ მხარდაჭერას ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატები. 

საქართველოში ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსება არსებითი პაკეტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს. ცენტრის შექმნის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს შეიარაღებული ძალების, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების წვრთნა და შეფასებაა. ცენტრი ასევე განახორციელებს გადასროლისწინა წვრთნებს და ნატოსა და სხვა საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისათვის გაწვრთნილი ძალების სერტიფიცირებას მოახდენს. ცენტრს შესაძლებლობა ექნება ნატოს შეკავშირებული ძალების ინიციატივის (CFI) მხარდასაჭერად მრავალეროვნულ, ერთობლივ და გაერთიანებულ წვრთნებს უმასპინძლოს. 

ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებები გააკეთეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმღვანელმა უილიამ ლაჰიუმ. 
“ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ხსენებული ცენტრის საქართველოში დაარსების მნიშვნელობას და შესაბამისად, ყველა არსებული რესურსი მიმართული იქნება აღნიშნული ინიციატივის დროული და ეფექტური განხორციელებისკენ პაკეტით გათვალისწინებული სხვა ელემენტების იმპლემენტაციის პარალელურად. ჩვენ ცენტრს მოვიაზრებთ, როგორც ინსტიტუტს, რომელსაც ექნება თავისი ოფისი და გამოიყენებს თავდაცვის სამინისტროში არსებულ ყველა საწვრთნელ შესაძლებლობას. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ნატოსა და მოკავშირეების აქტიურ ჩართულობას ცენტრის დაარსების პროცესში, რადგან ეს უმნიშვნელოვანესია დასახული მიზნების წარმატებით მისაღწევად.“ - განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა. 

უილიამ ლაჰიუს განცხადებით, „ცენტრი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც საქართველომ უელსში ნატოს სამიტზე მიიღო. ცენტრი უზრუნველყოფს წვრთნებს საქართველოს, ასევე, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავსებადობის შენარჩუნებისა და გაძლიერების მიზნით. ნატოს ექსპერტები მხარს დაუჭერენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებაში და რეკომენდაციებს მისცემენ მისი ადგილმდებარეობის შესახებ.“ 

ნატოს შემფასებელთა ჯგუფის წევრები ვაზიანის სამხედრო ბაზასა და ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ მოინახულებენ. ვიზიტის დასასრულს, წარმოდგენილი რეკომენდაციების შესაბამისად განისაზღვრება ცენტრის ადგილმდებარეობის და ასევე პროექტის ღირებულების პირველადი მონახაზი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics