|
2016-05-28 13:58:23, 715 ნახვა
სამხედრო
გიორგი მარგველაშვილმა იუნკერებს თავდაცვის აკადემიის 23 წლის იუბილე მიულოცა
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიას 23 წლის იუბილე დღეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარგველაშვილმა აკადემიის კურსანტებს და პედაგოგებს მიმართა და განაცხადა, რომ დღეს ქართველი ჯარისკაცები გამორჩეული ადამიანები არიან, რომლებზეც სწორება აქვს საზოგადოების სხვა ნაწილს. „ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელები - იუნკერები არიან. ეს არის ის დიდი წარსული, რომელსაც ჩვენ ერთად დღესაც ვაცოცხლებთ და მომავლისკენ მივმართავთ. თქვენ უმნიშვნელოვანესი მისია გენიჭებათ - უნდა დაიცვათ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობა, თქვენ უნდა დაიცვათ ქვეყნის განვითარება, თქვენ უნდა უზრუნველყოთ ურთულეს ვითარებაში ჩვენი ქვეყნის დაცულობა. მე არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ, რომ როგორც მხედართმთავრების, ასევე ჯარისკაცის ყველაზე დიდი გამარჯვება არის, როდესაც ომი მოგებულია ბრძოლის გარეშე. ეს ის მიზანია, რომელიც გვაერთიანებს პოლიტიკოსებსაც და სამხედრო მოსამსახურეებსაც. თქვენ მოდიხართ ძალიან დიდი სამხედრო და ისტორიული წარსულიდან და დარწმუნებული ვარ შექმნით ასეთივე მომავალს, რომელსაც ჩვენ გადავცემთ ჩვენს შთამომავლობას. საქართველოში ძალიან ბევრი გამორჩეული ადამიანია, მათგან ძალიან ბევრი გამორჩეული ადამიანი მსახურობს შეიარაღებულ ძალებში. განსაკუთრებული და ნიჭიერი ერი და სახელმწიფო ვართ. მაგრამ დღეს უკვე ნათლად ჩანს, რომ ქართული საზოგადოების ის გამორჩეული ფენა, რომელზეც გააკეთებს სწორებას საზოგადოების სხვა ნაწილი - ეს არის შეიარაღებული ძალები, ეს არის ადამიანი ფორმაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, რომ ქვეყანაში იყოს ნაწილი საზოგადოების, რომელზეც დანარჩენები სწორებას გააკეთებენ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, ნელ-ნელა საზოგადოების ასეთ ფენად ყალიბდებიან ქართველი ჯარისკაცები და ქართული შეიარაღებული ძალები. „ეს იმ გმირების დამსახურებაა, რომელთაც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მისიებში, საკუთარი სისხლით, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად შექმნეს ისეთი იმიჯი ჩვენს საზოგადოებაში, რომ ფორმაში ჩაცმული ადამიანი პატივისცემის ღირსია. ბუნებრივია, მათი სიცოცხლე, მათი ღვაწლი, მათი გმირობა თქვენს მხრებზე გადმოდის და ეს ვალდებულება, რომ ემსახუროთ მათ სახელს, მათ ხსოვნას და ეს მაღლა აწეული დროშა არ დაუშვათ, თითოეულ იმ ადამიანზე გადმოდის ვისაც სამხრეები უკეთია", - განაცხადა პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისათვის თავდაცვის აკადემიის პირადი შემადგენლობა დააჯილდოვეს. ცნობისთვის, დღეს თავდაცვის აკადემია საქართველოში არსებული ერთადერთი უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელშიც საბაკალავრო, სამაგისტრო და ოფიცერთა საკარიერო სკოლები ფუნქციონირებს.
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)