2015-04-20 11:15:06, 1206 ნახვა
მსოფლიო
"ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა ეთიოპიელი ქრისტიანები დახოცეს
დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლებმა ინტერნეტსივრცეში ვიდეორგოლი გაავრცელეს, სადაც ლიბიაში მძევლებად აყვანილი ეთიოპიელი ქრისტიანების მკვლელობის სცენებია ნაჩვენები.
დაახლოებით ნახევარსაათიან ვიდეოში მკვლელობის ორი ეპიზოდია ნაჩვენები. ეთიოპიელი ქრისტიანების ერთ ჯგუფს თავები მოაჭრეს, მეორე ჯგუფი კი დაცხრილეს.
ვიდეოჩანაწერში ასევე ნაჩვენებია ისლამისტი შეიარაღებული პირების მიერ ქრისტიანული ეკლესიების, სასაფლაოების და ხატების განადგურების კადრები.
ვიდეოში აგრეთვე, დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი ქრისტიანებისგან იარაღის მუქარით ისლამზე გადასვლას მოითხოვს ან ყურანის მიხედვით დადგენილი სპეციალური გადასახადის გადახდას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან