01:19 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-20 20:52:55, 859 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირმა შესაძლოა „გარკვეულ ჯგუფებს“ გაუუქმოს უვიზო მიმოსვლა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის დღევანდელი განცხადებიდან ირკვევა, რომ შესაძლოა, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება „გარკვეულ ჯგუფებთან“ დაკავშირებით მიიღოს.

დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა, - რომელიც ამავე დროს არის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, - განაცხადა:

„[ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა] მინისტრებმა ძალიან ნათლად განაცხადეს, რომ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა კვლავაც უარესდება საქართველოში“.

მან ასევე თქვა, რომ „ევროპელი ელჩების წინააღმდეგ პირადი თავდასხმები მიუღებელია და დიპლომატიაში ამის ადგილი არ არის“.

შემდეგ კი განაცხადა:

„კომისია წელს, მოგვიანებით წარადგენს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიშს. ეს, - ნოემბერში ვიზების შესახებ ახალი რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად, - გვაძლევს შესაძლებლობას, გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი ზოგიერთი ჯგუფისთვის“.

7 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომლითაც იოლდება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს ან არღვევენ ადამიანის უფლებებს.

ბრიუსელი 2024 წლის შემოდგომის მოვლენების შემდეგ განიხილავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებას, თუმცა ამისათვის საჭიროა წევრი ქვეყნების - 27-ვე წევრის - კონსენსუსი.

კონსენსუსი არ არსებობს - რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი და სლოვაკეთი, - ამ ზომას ეწინააღმდეგებიან.

სანაცვლოდ, ბლოკი განიხილავს საქართველოსთან 2017 წლიდან მოქმედი უვიზო რეჟიმის გაუქმებას, - რადგან ეს კონსენსუსს არ საჭიროებს. ამისათვის „კვალიფიციური უმრავლესობაც“ არის საკმარისი.

„კვალიფიციური უმრავლესობა“ ნიშნავს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების 55%-ს, რაც ევროკავშირის მთლიანი მოსახლეობის 65%-ს შეადგენს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირის 19-მდე წევრი სახელმწიფო განიხილავს, სულ მცირე, დროებითი შეჩერების მხარდაჭერას.

ევროკომისიამ თბილისი გააფრთხილა 2025 წლის ივლისში გაგზავნილ წერილში, რომელშიც ითხოვდა, რომ თბილისს აგვისტოს ბოლომდე გაეგზავნა განმარტებები. თბილისმა პასუხი გააგზავნა, თუმცა, როგორც ევროკავშირის რამდენიმე თანამდებობის პირი გვეუბნება, ბრიუსელზე პასუხებმა შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics