|
2025-04-23 11:29:36, 812 ნახვა
მსოფლიო
ლონდონში შეხვედრაზე ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო მინისტრებიც აღარ ჩავლენ
Sky News-ის ინფორმაციით, ლონდონში უკრაინაში მიმდინარე ომის დამთავრების შესახებ დაგეგმილ შეხვედრას აღარ დაესწრებიან გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, უკრაინისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებიც. მანამდე, გავრცელდა ცნობები, რომ შეხვედრაზე აღარ ჩავიდოდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფიც მას შემდეგ, რაც უკრაინამ უარი თქვა მედიაში გავრცელებულ დაუდასტურებელ ამერიკულ გეგმაზე, რომელიც სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ყირიმზე სავარაუდოდ რუსული ოკუპაციის აღიარებას ითვალისწინებს. შედეგად, ლონდონში დაგეგმილ შეხვედრას სხვა მაღალჩინოსნები გაუძღვებიან. თუმცა, ამის მიუხედავად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა მაინც აპირებს ლონდონში ჩასვლას და ბრიტანელ კოლეგასთან, დევიდ ლემისთან შეხვედრას. წინა დღეებში სხვადასხვა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 17 აპრილს აშშ-მ უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წინადადება წარუდგინა, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ლეგალური კუთხით აღიარებასაც მოიცავდა. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამორიცხა მსგავსი ნაბიჯი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა, ხოლო რუსული ოკუპაციის აღიარება კონსტიტუციის დარღვევა იქნება. გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ლონდონში აშშ-ს დელეგაციას უკრაინაში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კით კელოგი გაუძღვება. გავრცელებული ცნობებით, უკრაინა შეხვედრაზე 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხილვას აპირებს. პარალელურად, გამოცემა Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინმა აშშ-ს უკრაინაში მიმდინარე ომის ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე გაყინვა შესთავაზა, რასაც რუსეთმა ცრუ ინფორმაცია უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)