2015-03-20 10:29:12, 747 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში გამართულ სპორტულ შეჯიბრებაში ქართველმა სამხედროებმა პირველი ადგილი დაიკავეს
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე სპორტული შეჯიბრებები გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასპარეზობაში ერთმანეთს საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები და ჩეხეთის სამხედრო კონტინგენტის ჯარისკაცები დაუპირისპირდნენ.
შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში გაიმართა. ორი ქვეყნის ჯარისკაცები ერთმანეთს მინი ფეხბურთში, ფრენბურთში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ.
51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა გუნდურ და ინდივიდუალურ პაექრობაში ყველა სახეობაში პირველი ადგილი დაიკავეს. საპრიზო ადგილებზე გასულ სამხედრო მოსამსახურეებს მედლები და საპატიო სიგელები გადაეცათ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან