2015-06-17 09:31:34, 355 ნახვა
საზოგადოება
წყნეთი-ახალდაბის გზაზე სამუშაოები განახლდა
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, წყნეთი-ახალდაბის საგზაო მონაკვეთზე გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები დღეს დილით განახლდა.
უწყების ცნობით, მდინარისა და შესაძლო ნიაღვრის გასატარებლად, უკვე დამონტაჟდა 3 სანიაღვრე მილი, რომელზეც გზა გაივლის.
„აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდება ორხიდიანი ავტომობილების გატარება და ახალდაბის მოსახლეობისათვის სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტების დაუბრკოლებლად მიწოდება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, სოფელი ახალდაბა გარესამყაროს წყნეთი-ბეთანიის მონაკვეთზე 13-14 ივნისს ჩამოწოლილმა მილიონ კუბურ მეტრამდე მოცულობის მეწყერმა მოწყვიტა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან