2016-12-26 12:31:16, 743 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული თვითმფრინავის ფრაგმენტებს ეძებენ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო, ჩამოვარდნილი რუსული თვითმფრინავის ფრაგმენტებს ეძებს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბზახია" ე.წ მინისტრის მოადგილე ტიგრან დელიბალტიანზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც "მინისტრის მოადგილემ" აღნიშნა, სამძებრო სამუშაოებში ოკუპირებული აფხაზეთის 2 კატერია ჩართული.
"სამინისტროს 20 თანამშრომელი თვითმფრინავის ფრაგმენტებსა და გარდაცვლილების ცხედრებს გაგრაში, ზღვაში ეძებს. სანაპიროზე სამძებრო სამუშაოებში კიდევ 50 ადამიანია ჩართული", - განაცხადა ე.წ მინისტრის მოადგილემ.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ტუ-154-ის ჩამოვარდნის ადგილას აღმოჩენილია 11 ცხედარი და თვითმფრინავის 154 ფრაგმენტი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ტუ-154 25 დეკემბრის დილით სოჭის აეროპორტიდან გაფრენიდან მალევე ჩამოვარდა, თვითმფრინავი შავ ზღვაში ჩავარდა, სანაპიროდან 1,5 კილომეტრში.
შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს დაზუსტებული მონაცემებით, შავ ზღვაში ჩამოვარდნილი ტუ-154-ის ბორტზე სულ 84 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი იმყოფებოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან