|
2025-12-29 15:00:14, 4810 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკის თქმით, უკრაინას აშშ-სგან გაცილებით ხანგრძლივი უსაფრთხოების გარანტიები უნდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიები გაცილებით ხანგრძლივი დროით - 30-40-50 წლით სურს, ამჟამინდელი სამშვიდობო გეგმის პროექტი კი - 15-წლიან გარანტიებს ითვალისწინებს. უკრაინული მედია წერს, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ონლაინ მედიების შეკითხვებს უპასუხა, რა დროსაც თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დამტკიცდა, რომ უკრაინას აშშ-სგან ექნება უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები. "მართლაც, ეს სამუდამო არ არის. დოკუმენტები ითვალისწინებს 15 წლიან ვადას, ამ უსაფრთხოების გარანტიების გახანგრძლივების შესაძლებლობით. ეს საკითხი პრეზიდენტთანაც დავაყენე. ვუთხარი, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ომში ვართ და ეს თითქმის 15 წელია მიმდინარეობს. ამიტომ, ძალიან მინდა, რომ გარანტიები უფრო ხანგრძლივი იყოს", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, მის განცხადებაზე, რომ სურს, განიხილოს 30-40-50 წლიანი უსაფრთხოების შესაძლებლობა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამაზე დაფიქრდება. "მე მას [დონალდ ტრამპმს] ვუთხარი, რომ ძალიან გვსურს განვიხილოთ 30-40-50 წლის შესაძლებლობა და მაშინ ეს იქნება პრეზიდენტ ტრამპის ისტორიული გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა თქვა, რომ ამაზე დაფიქრდება", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 29 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში თითქმის 3-საათიანი მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებები "შესანიშნავად" შეაფასა და განაცხადა, რომ მხარეები ომის დასრულების შესახებ შეთანხმებასთან მნიშვნელოვნად დაახლოვდნენ. უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმება ამ მიმართულებით თითქმის დასრულებულია, თუმცა ეკონომიკურ საკითხებსა და დონბასში შესაძლო თავისუფალი სავაჭრო ზონის თაობაზე შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიები გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის "უმნიშვნელოვანესი ეტაპია" და აღნიშნა, რომ უკრაინული და ევროპული გუნდები მუშაობას გააგრძელებენ. მისი თქმით, დამატებითი შეხვედრები უახლოეს კვირებში გაიმართება, ხოლო იანვარში პროცესში ვაშინგტონიც ჩაერთვება.
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)